მიხეილ სააკაშვილი

ზელენსკი: მსურს სააკაშვილის მკურნალობაში ჩვენი ექიმები იყვნენ ჩართული

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა, რომ ის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარში უშუალოდ არის ჩართული და ექსპრეზიდენტი მას წერილებს უგზავნის. 

"მე მიხეილთან... ღიად ვიტყვი, მისგან წერილებს ვიღებ. ის ჩემგან ინფორმაციას იღებს. სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ვესაუბრებოდი", – თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, ის აგვარებდა სააკაშვილისა და მისი ახლობლების შეხვედრებს. 

"მე მომმართავდნენ, რომ მისი მეორე ნახევარი ან დედამისი მასთან მოხვედრილიყო. და გულწრფელად ვამბობ, მე ვრეკავდი, ვთხოვდი [რომ ახლობლები სააკაშვილთან შეეშვათ]. მათ უარი არ უთქვამთ", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე არის ერთი საკითხი, რომლის თბილისთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

"მსურს ჩვენი ექიმები [სააკაშვილის მკურნალობის] პროცესში ჩართული იყვნენ, ამაზე ჯერჯერობით შეფერხებაა", – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურანლობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები