რეკლამა

(რ) სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ახალგაზრდებში

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის გამოცხადებული. რეპროდუქციულ ჯამრთელობის საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდა, მნიშვნელვან როლს თამაშობს მათ კეთილდღეობაში.

გამომდინარე აქედან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა, გარდა აივ/შიდსის საკითხებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ვებინარების და უფასო კონსულტაციების გზით. გთავაზობთ, ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის პუბლიკაციას აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის განუყოფელი და წამყვანი ასპექტია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. სექსუალობა, გავლენას ახდენს ადამიანების აზრებზე, გრძნობებზე, ქმნის მოტივაციას, იმისათვის, რომ ადამიანებმა იპოვონ საყვარელი ადამიანი, სითბო და ინტიმური ურთიერთობები. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა განსაზღვრავს ადამიანის ისეთ მთავარ ღირებულებებს, როგორიცაა: სიყვარული, გამრავლება, ოჯახი, კომუნიკაცია, სიამოვნება, ინტიმურობა, გენდერული იდენტობა, სოციალური ურთიერთობები, პიროვნების განვითარება და სხვ. ახალგაზრდებს უფლება აქვთ მიიღონ სანდო, მეცნიერულად დასაბუთებული და ამომწურავი ინფორმაცია სექსუალობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

1970-იან წლებში, ევროპის რიგ ქვეყნებში, სასკოლო პროგრამებში დაინერგა სექსუალური განათლება. ამის შემდეგ, მშობლები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკოსები ბევრს კამათობდნენ. ხშირად, ძალიან პოლარიზებულ დებატებშიც კი შედიოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასაკში უნდა ესწავლათ მოსწავლეებს აღნიშნული საკითხები სკოლებში. საქართველოში, სასკოლო სტანდარტებში, ასახულია რიგი საკითხები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, თუმცა, ამ თემების სწავლება დღემდე მგრძნობიარე თემად რჩება და საზოგადოებაში ჰყავს ანტაგონისტურად განწყობილი მხარეც. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას სკოლის ფორმალურ გარემოში ბევრი მომხრეც ჰყავს როგორც მშობლების, ახალგაზრდების, ასევე ზოგიერთი დაინტერესებული და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანების სახით.

ზოგადად, რა იგულისხმება და მოიაზრება სექსუალურ განათლებაში? ბევრ ოპონენტს ჰგონია, რომ მხოლოდ სექსზე საუბარი. მათ გასაწბილებლად უნდა ითქვას, რომ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები ბევრად ფართო ცნების მატარებელია და მოიცავს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებსა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს. მისი სწავლება ემსახურება ორ ძირითად მიზანს: პირველი - ახალგაზრდებში აივ-ის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკას, აბორტის და არასასურველი ორსულობის პრევენციას და ბავშვებში სექსუალური ძალადობის აღკვეთას; მეორე - სექსუალური განათლებას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა ადამიანების კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხისა და ურთიერთობების გაუმჯობესების გზით.

ახლა კი, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს სქესობრივ განათლებას ახალგაზრდა ადამიანებისთვის? პირველ რიგში, უვითარებს მათ იმ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანებად. მეორე - მათ ექნებათ შესაძლებლობა ცხოვრებისეულ გამოწვევებს უპასუხონ დამაჯერებლად. მესამე - რაც მეტი ეცოდინებათ ახალგაზრდებს საკუთარი სხეულის, შეგრძნებების, ემოციების შესახებ, მით უფრო ადვილად გაართმევენ ცხოვრებისეულ პრობლემებს თავს. მეოთხე - ჩამოუყალიბდებათ მოვალეობები და პასუხისმგებლობები საკუთარ ქცევაზე. მეხუთე - ახალგაზრდებს ეცოდინებათ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და სხვებიც, იმ ქმედებებისაგან, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი და სახიფათო შედეგები. მეექვსე - არასდროს შელახავენ და დაარღვევენ სხვა ადამიანების უფლებებს და სხვ.

შესაძლოა, დაინტერესდეთ თუ, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებს ქონდეთ ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, კონტრაცეფცია და აბორტი? ახალგაზრდა ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ჩნდება და ვლინდება დიდი ინტერესი სქესობრივი კავშირის მიმართ. დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს აქვთ სქესობრივად აქტიური ცხოვრება, ჰყავთ პარტნიორები ან აქვთ ოჯახები. შესაბამისად, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ასაკში ორსულობას და მშობიარობას, რა ზიანს აყენებს აბორტი ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რა პრობლემები მოჰყვება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მკურნალობის გარეშე და სხვ. თუ ახალგაზრდა არ არის მომზადებული და კარგად ინფორმირებული სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანმრთელობის რისკებიც შესაბამისად მატულობს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რატომღაც სპეციალისტები ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე ნაკლებად საუბრობენ. სამწუხაროდ, დღემდე ტაბუდადებულ თემებად რჩება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ფართო საზოგადოებისთვის, რის გამოც, უამრავი ადამიანი იტანჯება და განიცდის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ახალგაზრდა ადამიანები, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში არიან შესაბამისად მომზადებულები სქესობრივი ცხოვრებისათვის. ინფორმაციის დეფიციტის გამო, ახალგაზრდები პოტენციურად მოწყვლადი არიან ძალადობის და შეურაცხყოფის მიმართ, ასევე არასასურველი ორსულობის, აივ-ის და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების მიმართ. ბევრი ახალგაზრდა, ისე გადადის ზრდასრულ ასაკში, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო და დამაბნეველი ინფორმაცია აქვს სექსუალობისა და გენდერული საკითხების შესახებ. ხშირად, ახალგაზრდა ადამიანებს ერიდებათ ღიად ისაუბრონ და განიხილონ სექსუალური საკითხები, იმ ფონზე, როდესაც ამას უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება ზრდასრული ადამიანების, მშობლების და მასწავლებლების მხრიდან. არადა, ასეთი დისკუსიები და საუბრები განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდებისათვის.

თუ ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც ახალგაზრდებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვთ, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ახალგაზრდები და გავაუმჯობესოთ მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტატუსი. შემდეგ, აუცილებელია, რომ მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაბამისი სერვისები, რომელიც მოიცავს:

  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწორ ინფორმაციას;
  • კონტრაცეფციის მეთოდების დიაპაზონის შესახებ ინფორმაციას;
  • ხარისხიან კონსულტირებას, მეანურ და ანტენატალურ ზრუნვას ყველა ორსული ქალისა და გოგონასათვის;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის პრევენციასა და მართვას;
  • ახალგაზრდებისათვის ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობების მიცემას;
  • იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ ორსულობის და აივ ინფექციის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის საშუალებებისადმი;
  • უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, რომელიც არ მოახდენს ახალგაზრდების დისკრიმინაციას და არ შეზღუდავს მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ სექსულური განათლება, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდებში შეამცირებს სარისკო ქცევებს. ისინი ცხოვრებისეულ საკითხებს მეტად გაცნობიერებულად მიუდგებიან, იქნებიან ჰარმონიულად საკუთარ თავთან, დაიცავენ და პატივს სცემენ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების უფლებებს.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წლიდან, აქტიურად საქმიანობს აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. 2020 წელს, თბილისში გაიხსნა "AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება ნებისმიერი მოქალაქისთვის. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადება-გავრცელებას, კონსულტაციების და ვებინარებს ჩატარებას აივ ინფექცია/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათი პრევენციის და პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ.

აივ-ზე უფასო და ანონიმური ტესტირების და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#37 დ . ან დაგვიკავშირდით freehivtest-ge.org.

კომენტარები