მიხეილ სააკაშვილი

თემურ ალასანია საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოკითხვაზე დაიბარეს

თემურ ალასანია
ტაბულა

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში ჩამოსვლისთანავე გამოკითხვაზე დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალასანია გამოკითხვაზე "კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის გამოა" დაბარებული.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა - თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გრძელდება". - უთხრეს ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში.  

გამოძიება 2018 წელს ერთ-ერთი უკრაინული გვერდის მიერ ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას უკავშირდება - ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 20 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ჩანაწერში სააკაშვილისა და ალასანიას ხმების ნამდვილობა ექსპერტიზით დადასტურდა.  

"ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია". - ასე ეხმაურება ალასანიას გამოკითხვაზე დაბარებას მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები