კოსტა-რიკა

კოსტა-რიკაში ბავშვებისთვის COVID-19-ზე აცრა სავალდებულო გახდა

კოსტა-რიკა პირველი ქვეყანაა, სადაც Covid-19-ზე აცრა ბავშვებისთვის სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ცნობით, Covid-19-ის ვაქცინა ბავშვებისთვის სავალდებულო სხვა აცრებს დაემატება.

ქვეყანამ Pfizer/BioNTech-თან ვაქცინის 3.5 მილიონი დოზის შესყიდვაზე შეთანხმება გააფორმა და 12-წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას 2022 წლის მარტიდან გეგმავს. 3.5 მილიონი დოზიდან ბავშვების 1.5 მილიონი დოზაა გათვალისწინებული. დანარჩენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, ხანდაზმული მოსახლეობის და იმუნიტეტდაქვეითებული პირების მესამე, ბუსტერ დოზით აცრისთვისაა გამოყოფილი.

ამ დროისთვის კოსტა-რიკაში მოსახლეობის იმ ნაწილის 55%-ია აცრილი, ვისთვისაც ვაქცინა ხელმისაწვდომია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, 12-დან 19-წლამდე მოზარდების 70%-მა პროცენტმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.

გასულ კვირას აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა. ჯერჯერობით აშშ-ში 12 წლის ზემოთ მოსახლეობას ცრიან, ახალი გადაწყვეტილება კი დაახლოებით 28 მილიონ ბავშვს შეეხება.

კომენტარები