იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჰარცელი: ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება რეფორმების განხორციელებაზე

კარლ ჰარცელი
Twitter/@CarlHartzellEU

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის არჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა EU-ს დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

"ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე". – ნათქვამია განცხადებაში.

კარლ ჰარცელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას გამოეხმაურა და პროცესს ნაჩქარევი, გაუმჭვირვალეს და არაკონკურენტული უწოდა. ელჩი წერს, რომ ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სასამართლოს სისტემაში მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

კომენტარები