პოლიტიკური კრიზისი

ფრიდი ოცნებას: იფიქრეთ ქვეყანაზე, არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ?

დენიელ ფრიდი

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფირიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს და ასევე ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს.

ფრიდი აღნიშნავს, რომ პოლარიზებული გარემო, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო რუსეთის ინტერესებშია. ფრიდი ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პარტიას, პოლიტიკურ პოლარიზაციაში მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. დიპლომატი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, იფიქროს ქვეყანაზე.

"იფიქრეთ ქვეყანაზე! ამას ვეტყოდი ქართულ ოცნებას: არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი. ეს მხოლოდ ელიტებს შორის მანევრირება არ უნდა იყოს". – ამბობს ფრიდი.

დენიელ ფრიდი მმართველ პარტიას და ოპოზიციას მიმართავს და აღნიშნავს, რომ აშშ-სთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში, თუმცა აშშ-ს აღელვებს "საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალ ბაზარზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარდაქმნა".

"ჩვენ არ გვაღელვებს, რომელი პარტია მართავს საქართველოს, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თუ ვინმე სხვა. ეს ჩვენი საქმე არაა. თუმცა ჩვენ გვაღელვებს საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალ ბაზარზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარდაქმნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პარტიას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას დააწინაურებს და სკეპტიკურად ვართ განწყობილი ნებისმიერის მიმართ, ვინც ამას არ გააკეთებს. ჩვენ არ ვიყავით პრო ან ანტისააკაშვილი, პრო ან ანტიივანიშვილი. შეკითხვა ისაა, რას აკეთებდნენ ისინი თავიანთი ლიდერობის პერიოდში?

პუტინს მოსწონს კორუმპირებული, დაყოფილი ქვეყნები, რადგან ისინი უფრო ადვილი სამართავია. მოსწონდა იანუკოვიჩის მმართველობის დროინდელი უკრაინა. მას მოსწონს ოლიგარქიები. არ მოსწონს დიდად ლუკაშენკო, მაგრამ მის დემოკრატიულ ალტერნატივას, ხალხს, ვინც ბელარუსში მასობრივ პროდემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს, ნამდვილად ურჩევნია." – ამბობს ფრიდი.

დენილ ფრიდმა 5 ივლისის მოვლენებზეც ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლებმა წაახალისა ძალადობა.

"შემაშფოთებელი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ისე ჩანდა, რომ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმები ლგბტქ დემონსტრანტებზე. და ამ თავდასხმებს შედეგად ჟურნალისტის გარდაცვალება მოჰყვა. საქართველოს, როგორც თავისუფალ ქვეყანას შეუძლია, გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამგვარ საკითხებზე, მაგრამ ღირსეული პატივისცემა და ის, რომ არ ჩანდეს ისე, თითქოს მხარს უჭერ ძალადობას ქუჩებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი". – თქვა ფრიდმა.

დიპლომატი ამბობს, საქართველო რისკავს, დაკარგოს ის ძალისხმევა, რომელიც ევროპული მომავლის შექმნისთვის ჩადო. თუმცა, თუ საქართველოს ევროპული მომავალი სურს, ამის შესაძლებლობა აქვს და ამისთვის ის შიგნიდან უნდა გაძლიერდეს. ფრიდი აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მაღალ პოზიციებზე ბევრი ადამიანი მუშაობს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

"საქართველომ ბევრს მიაღწია. მას აქვს საძირკველი, რაზეც ბევრის დაშენება შეუძლია. როგორც აქამდეც ვთქვი, მას აქვს პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც მოიცავს ლიბერალურ, ევროპულ ღირებულებებს..." – თქვა დენიელ ფრიდმა.

კომენტარები