სამორინეების მოსაკრებელი

მთავრობა თბილისში სამორინეების მოსაკრებელს ანახევრებს – 2.5 მლნ 5-ის ნაცვლად

Reuters

საქართველოს მთავრობამ თბილისში სამორინის მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე სამორინის გახსნის მსურველები მოსაკრებლის სახით 5 მლნ ლარის ნაცვლად 2.5 მლნ-ს გადაიხდიან, 2022 წლიდან კი მოსაკრებელი ისევ 5 მლნ იქნება. 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას. 

ფინანსთა სამინისტროს განცხადება სრულად:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო "სამორინის მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 13 ივლისს მიღებულ №347 დადგენილებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ქ. თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ელი აპრილიდან მიეცათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.

ცნობისთვის, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ქ. თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, ქ. თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან ქ. თბილისში მოქმედი ის სამორინეები, რომელთაც სამორინის მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.

აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე), 2022 წელს სამორინის მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება.

კომენტარები