უმუშევრობის დაზღვევა

მთავრობა უმუშევრობის დაზღვევას სავალდებულოს ხდის

ახალი სოციალური კოდექსის პროექტის მიხედვით, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ გაიმართა, შესაძლოა, საქართველოში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმი ამოქმედდეს. 

ახალი სოციალური კოდექსი მოიცავს სადაზღვევო რეფორმას და ახალი კომპონენტების დამატებას, მათ შორის, სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევას.

"კოდექსზე მუშაობის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე იყოს შესაბამისი დაცულობა და ეს დაცულობა თავის თავში მოიაზრებს როგორც ფულად გასაცემლებს, ასევე ჯანდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, აქტიურ შრომის ბაზრის პოლიტიკას და დასაქმებაში მხარდაჭერას, ისევე როგორც უმუშევრობის რისკების დაზღვევას და გადაზღვევას", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

უმუშევრობის დაზღვევას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ - დასაქმების დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა და ა.შ. როგორც წესი, ის გაიცემა იმ ვადით, რაც ახალი სამსახურის პოვნისთვისაა საკმარისი.

უმუშევრობის დაზღვევა დამოკიდებულია ხელფასის ოდენობასა და სადაზღვევო შენატანების მოცულობაზე. ესაა ერთგვარი დაზღვევა ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლის, ხელფასის არქონის პერიოდში ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

განსხვავებულია უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების მეთოდები. დაზღვევა ფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დამსაქმებლების და დასაქმებულების შენატანებიდან, ხშირად კი მას სამივე მხარე აფინანსებს, როგორც ეს ჩვენთან საპენსიო რეფორმის ფარგლებში ხდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მოდელს ამჯობინებს საქართველოს მთავრობა.

უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევას არ ემხრობა ჯანდაცვის სპეციალისტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც თვლის, რომ ამით მხოლოდ ეკონომიკური ზრდა შეფერხდება.

"ეს არ შეუწყობს ხელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ეს არ შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას, პირიქით, შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, მით მეტი ადამიანი გახდება დასახმარებელი. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში იქნებიან ადამიანები, რომლებმაც, რაც არ უნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს, შესაძლოა, ფეხი ვერ აუწყონ ამ ზრდას და მათ სჭირდებოდეთ დახმარება სახელმწიფოს მხრიდან და მიზნობრივი სოციალური დახმარება უნდა შენარჩუნდეს არსებული ფორმით, შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაციები დასჭირდეს", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, პანდემიის პირობებში, წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 17.6%-დან 18.5%-მდე გაიზარდა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ქვეყანაში უმუშევრობის დონე 21.9%-ია, დასაქმებულია 1 მილიონ 129 ათასი ადამიანია, 317 ათასამდე კი უმუშევარი. 

ახალ სოციალურ კოდექსზე მუშაობა, რომლის განხორციელებაშიც საქართველოს ევროკავშირი, საფრანგეთის და ჩეხეთის სააგენტოები დაეხმარებიან, 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარები