ჯორჯ ფლოიდის საქმე

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გადამღებ თინეიჯერს პულიცერის პრემია გადაეცა

თინეიჯერს, რომელმაც აშშ-ში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო და გაავრცელა, ჟურნალისტიკის მიმართულებით პულიცერის პრემია გადაეცა

როგორც პულიცერის საბჭო აცხადებს, ამჟამად 18 წლის დარნელა ფრეიზერს ჯილდო გამოჩენილი სიმამაცისთვის გადაეცა. მისმა გადაღებულმა კადრებმა საერთაშორისო მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და სამართლიანობას ითხოვდა. ვიდეომასალა სასამართლო პროცესზე, სამხილის სახითაც იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც თეთრკანიან პოლიციელს, დერეკ შოვინს, ბრალი წარედგინა. 

დარნელა ფრეიზერი გასული წლის 25 მაისს, მკვლელობის სცენას შემთხვევით შეესწრო და აქტის გადაღება მოახერხა. როგორც მოგვიანებით სასამართლოს განუცხადა, გადაღება იმიტომ დაიწყო, რომ "შეძრწუნებული, გადარჩენისთვის მებრძოლი მამაკაცი დაინახა".

2021 წლის 21 აპრილს, დერეკ შოვინი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. შოვინი ჯორჯ ფლოიდს დაკავებისას მუხლით ყელზე აწვებოდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

45 მოწმის ჩვენებების სამ-კვირიანი განხილვის შემდეგ თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა შოვინი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის, მეორე ხარისხის მკვლელობაში, მესამე ხარისხის მკვლელობაში და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში.

კომენტარები