დანია-ჩინეთი

დანიის მიერ ტაივანის პრეზიდენტის დემოკრატიის სამიტზე მიწვევამ ჩინეთი აღაშფოთა

ცაი ინგ-ვენი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე

დანიის მიერ ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის და ჰონგ-კონგის დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტის, ნეთან ლოუს კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე მიწვევამ კომუნისტური ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპ კოფოდმა, თქვა, რომ ის ამზადებს ახალ, ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას და უშიშროების სტრატეგიას. მან ასევე დაგმო ჩინეთის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

მას შემდეგ, რაც 22 მარტს აშშ-მ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და კანადამ სანქციები დაუწესა ჩინეთს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დასავლური ქვეყნებს მიერ პეკინის წინააღმდეგ ერთობლივად კოორდინირებული პირველი ქმედება იყო, ჩინეთმა ევროკავშირს სანქციები დაუწესა. პეკინის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ევროპელი კანონმდებლები, დიპლომატები, ანალიტიკური ინსტიტუტები, მკვლევრები, სანქცირებული პირების ოჯახის წევრებიც.

"ჩვენ უფრო მყარად უნდა ვიდგეთ, უფრო სწრაფი და ძლიერი საპასუხო რეაქცია უნდა გვქონდეს, როდესაც ისეთი უნივერსალური ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება წნეხის ქვეშაა". – კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე თქვა მან. 

დანიის მთავრობას ბოლო დროს აკრიტიკებდნენ, რადგან ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის თავისუფლებების შეზღუდვაზე პასიურობდა.

"ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ გაგვეანალიზებინა ის თავისუფლებები, რითაც დღეს ვსარგებლობთ და მზად ვართ, რომ არასოდეს დავთმოთ ეს თავისუფლებები". - თქვა ტაივანის პრეზიდენტმა ონლაინ სამიტზე.

ჩინეთის საელჩომ დანიაში დაგმო და გააკრიტიკა "ანტი-ჩინური" აქტივობები "საგარეო ძალების და სეპარატისტების მიერ". სამინისტროს მტკიცებით, ამით ცდილობენ "წაახალისონ ტაივანის და ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა, რაც კრახისთვისაა განწირული".

საელჩო ამბობს, რომ ცაი ინგ-ვენის და ნეთან ლოუს მიწვევამ დაარღვია ერთიანი ჩინეთის პრინციპი და ამით დანია ჩინეთის შიდა საქმეებში ჩაერია.

სამიტის ორგანიზატორი ჩინეთის მიერ სანქცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიული ფონდის ალიანსი იყო, რომელიც NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა დააარსა. 

სამიტზე ასევე მიწვეულები იყვნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია და ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო.

მრავალი ქვეყნის მსგავსად, ტაივანსა და დანიას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული არ არის. 

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს. ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი.

კომენტარები