პოლიტიკური კრიზისი

ხელაშვილი: ამნისტია მიღებული იქნება 20 ივნისის დარღვევებისა და დანაშაულებების საპატიებლად

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამნისტიის კანონი მიღებული იქნება 20 ივნისს მომხდარი დარღვევებისა და დანაშაულებების საპატიებლად.

"ვფიქრობ, რომ ამნისტია და მსგავსი მიმდინარე საკითხები არ დაიკავებს ძალიან დიდ ადგილს ამ მსჯელობაში, ვინაიდან შეთანხმებაში ძალიან დეტალურად არის გაწერილი, რა და როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება იმისი, რომ მივიღოთ ამნისტია და ეს ამნისტია მიღებული იქნება. ამნისტია - ეს არის კანონი, კანონში პიროვნებები არ იწერება, კანონი მიღებული იქნება 20 ივნისის მოვლენების დროს, როგორც წერია დოკუმენტში, თუ სწორად მახსოვს, დარღვევებისა და დანაშაულებების საპატიებლად. ამნისტია თავისი არსით არის პატიება", - განმარტა ხელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტია პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები