პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე ოპოზიციაზე: ორი თვის მერე დაანონსებული აქცია ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ მხარდაჭერა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრით, ოპოზიციის რადიკალურმა დღის წესრიგმა მხარდაჭერა დაკარგა, როგორც ის ამბობს, ამას ორი თვის შემდეგ დაანონსებული აქციები მოწმობს. 

თქვა ამის შესახებ თალაკვაძემ Palitranews-ის ეთერში. 

„ოპოზიციამ დააანონსა საპროტესტო აქციები დღეიდან 2 თვის შემდეგ, რაც თავისთავად ძალიან უცნაურია და ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ოპოზიციის ამ რადიკალურმა დღის წესრიგმა დაკარგა მხარდაჭერა. მისი მხარდამჭერებიც კი არ ეთანხმებიან ოპოზიციის იმ დესტრუქციულ გეგმას, რომლის ნაწილიც არის ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დაყენება და მცდელობა, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვინმემ რამე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში. ამაზეც გაკეთდა განცხადებები, როგორც ევროპარლამენტში, ისე სენატში და ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას, რომ პარლამენტის გარეთ მათ დემოკრატიის პროცესი ვერ წარმოუდგენიათ და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში". - ამბობს თალაკვაძე. 

მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, შევიდეს პარლამენტში, ან "დარჩეს მარგინალურ ველში". 

"როდესაც ორი თვის მერე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმებს არ აქვს მხარდაჭერა. ეს დესტრუქციული გეგმა პრაქტიკულად გაკოტრებულია და თავისუფლად შეიძლება ითქვას ის, რომ ოპოზიციას აქვს ორად ორი არჩევანი. შევიდეს პარლამენტში და მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ან დარჩეს მარგინალურ ველში და ბოლომდე გავიდეს დემოკრატიული სივრციდან". - ამბობს თალაკვაძე. 

15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.

ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ გადადო, რაც თბილისს ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია. მალევე,  მიშელის მედიაციით, დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც შვედი დიპლომატი და შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უძღვებოდა. 

რამდემედღიანი მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, 19 მარტს, უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

კომენტარები