აფგან მუხთარლი

მუხთარლი ხელისუფლებას საქართველოში არშეშვების გამო სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლაზე უარის მიღების გამო ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის. 

როგორც მუხთარლი წერს, საქართველოში ჩამოსვლა სურს, რათა ქართველ გამომძიებლებს აჩვენოს, თუ რა მარშრუტით წაიყვანეს საქართველოდან აზერბაიჯანში. მუხთარლი წერს, რომ, როდესაც პატიმრობაში იყო, საქართველოში თავს იმით იმართლებდნენ, რომ დაკითხვის უფლებას აზერბაიჯანი არ აძლევდა, თუმცა უკვე ერთი წელია, თავისუფალია და საქართველოში ჩამოსვლის უფლება კვლავ არ მიუციათ.

"მე ვითხოვდი, რომ ჩავსულიყავი საქართველოში და ქართველი გამომძებლებისთვის მეჩვენებინა მარშრუტი, რომლითაც აზერბაიჯანში წამიყვანეს. მე, როგორც დაზარალებულს, ამის გაკეთება შემიძლია, ეს პროცედურული წესია. როცა პატიმრობაში ვიყავი, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ მიზეზი, რომ დაკითხვის უფლებას აზერბაიჯანი არ აძლევდა. თუმცა დაახლოებით ერთი წელია, თავისუფალი ვარ და საქართველოს ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობს, ქვეყანაში ჩასვლის უფლება არ მომცეს. 

არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ჩემი ვიზიტი პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევდა. სისულელეა! არჩევნები დასრულა - რა არის შემდეგი მიზეზი? 

თუ საქართველოს ხელისუფლება არ ყოფილა ჩემი გატაცების მონაწილე, მათ საქმის სათანადო გამოძებისთვის თბილისში ჩასვლის ნება უნდა მოეცათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს გატაცებაში ჩართული იყვნენ. ჩემმა ადვოკატებმა ქვეყანაში არშეშვების გამო საჩივარი უკვე გაგზავნეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში". 


თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

"ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში არ მაქვს, რაც სიცრუეა. როგორც ჩანს, იციან, რომ ჩამოვდივარ და ცდილობენ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე". – წერდა მუხთარლი. 

იმავე საღამოს განმარტება გაავრცელა აირზენამაც. განცხადებაში ავიაკომპანია წერდა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს არ შეუყვანია ე.წ "მწვანე ქვეყნების" რიგში და, შესაბამისად, ის საქართველოში შემოსვლას ვერ შეძლებდა. 

აღსანიშნავია, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ გერმანიაში ცხოვრობს და მას იქ მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. 9 ოქტომბერს გერმანიის მოქალაქეებს, ისევე, როგორც რეზიდენტებს, საქართველოში შემოსვლა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე, მხოლოდ PCR-ტესტის პასუხით შეეძლოთ. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო სდევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

როგორც მუსტაფაევა ამბობდა, მათ ბინადრობის მიღების უფლებით ქართულ მხარეს გატაცებამდე ერთი წლით ადრე მიმართეს, თუმცა, უარი მიიღეს იმ საბაბით, რომ ისინი "სახიფათო საქმიანობას" ეწეოდნენ. გატაცებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ლეილა მუსტაფაევა ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. პროკურატურამ მასა და მუხთარლის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზეც უარი უთხრა, რის შემდეგაც მუსტაფაევამ ქვეყანა დატოვა

მოგვიანებით აფგან მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები