პოლიტიკური კრიზისი

დეგნანი: ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან

"ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან". – მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.  

განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია "მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის".

"შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. 

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა". – თქვა კელი დეგნანმა მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით.  


პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო.  

ქართულ ოცნებას ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია".  

კომენტარები