ვაქცინაციის დაწყება

გაბუნია: იმის შიში მაქვს, მივა თუ არა მოსახლეობა ასაცრელად

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს მთავარი პრობლემა ის კი არ არის, შემოვა თუ არა ვაქცინა, არამედ რამდენად მივა მოსახლეობა ასაცრელად.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა.

"მე იმის პრობლემა და შიში არ მაქვს, რომ ქვეყენაში ვაქცინა არ შემოვა, ერთ ან ორ კვირაში,  მე იმის შიში მაქვს, მარტში როდესაც ის 40 000 დოზა შემოვა, აპრილში, ჩვენ რამდენად წარმატებით ავითვისებთ მას და მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი".- ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით,  ვაქცინების დოზა, რომელსაც საქართველო ელოდება, სამედიცინო პერსონალისთვის სრულიად საკმარისი იქნება. რაც შეეხება, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო გეგმას მხოლოდ ორი კვირით ჩამორჩა და ვარაუდობს, რომ ხანდაზმულებისთვის ვაქცინაციის პროგრამა მაისშივე დაიწყება. 

თუმცა კითხვაზე, რამდენად გარანტირებულია  ვაქცინების ამ რაოდენობით მიღება, გაბუნიამ უპასუხა, რომ ეს უმეტესწილად მიმწოდებელზეა დამოკიდებული. 

"გარანტია ჩვენი ისევ ემყარება პასუხისმგებლობას და ავტორიტეტს იმ ორგანიზაციებისა, ვისგანაც ველოდებით ამ მოწოდებას და, ასევე, იმ გარანტიას, რასაც მწარმოებელი დოზებთან მმართებით გვძლევს.. ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს სცენარი". - ამბობს თამარ გაბუნია

ამასთან ერთად, თამარ გაბუნიას თქმით,  ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით  ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ იგეგმება.

"ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" არის ძალიან ახლოს ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა დავიწყეთ. რუსული არა, რუსული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენთვის თავიდანვე არ ყოდილა ოფცია. ავტორიზაციასთან  ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას". - ამბობს თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიამ ასევე ისაუბრა ვაქცინაციასთნ დაკავშირებულ პრობლემებზე, და კრიტიკის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა.

"პროცესები როდესაც დაწყებულია და ამას მთავრობა ეტაპობრივად მიჰყვება, რაღაც შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. მე ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ, შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა. ამასაც რაღაც ახსნები აქვს. გაუთქმელობის ხელშეკრულებაა პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერთ." - ამბობს თამარ გაბუნია.

 

კომენტარები