პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია პლებისციტზე: თუ ყველაფერი დანარჩენი გვარდება, ეს კომპრომისი ამად ნამდვილად ღირს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული 6-პუნქტიანი ჩარჩოს შესრულება დაიწყო, ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისთვის კომპრომისი პლებისციტის სახით ღირს.

"თუ მელია გამოშვებულია, რურუა გამოშვებულია, პაკეტის მიღებაზე გვაქვს სრული შეთანხმება - საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოთამაშეების შეთანხმებით, ანუ, პრეზიდენტ მიშელის გეგმა თუ დაიძრა ბოლომდე, რა თქმა უნდა, საღი აზრი დემოკრატიული ოპოზიციის მთელი სპექტრისა იქნება ის, რომ, რა თქმა უნდა, ეს კომპრომისი ღირს ყველაფრად, რაც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს და, რა თქმა უნდა, მე იმ არგუმენტების უდიდეს ნაწილს, რაც მოვისმინე პლებისციტის წინააღმდეგ, არ ვიზიარებ", - თქვა ბოკერიამ.

ოპოზიციონერმა ლიდერმა პლებისციტის საწინააღმდეგო ორი არგუმენტი გამოყო და ახსნა, რატომ არ იზიარებს მათ.

"თუ გაყალბდა არჩევნები, რაღატომ ვეკითხებით ხალხსო, სწორედ იმიტომ ვეკითხებით, რომ ამაზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება არ არის. ჩვენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ჩვენი აზრით ვეყრდნობით საზოგადოების განწყობას, მაგრამ სწორედ ამაზე ხო უთანხმოება, ამიტომ ეს აბსოლუტურად არალოგიკურია.

იქ მეორე არგუმენტი იყო, რომ იურიდიული ძალა არ აქვს პლებისციტსო. სწორია, პლებისციტს, ცალკე აღებულს, იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ ეგრე არც ერთ პოლიტიკურ შეთანხმებას არ აქვს იურიდიული ძალა. მოფიქრება იმის, ამ შეთანხმების შედეგად, როგორც ავსახავთ ამას იურიდიულად, სრულიად შესაძლებელია", - თქვა ბოკერიამ.

მისივე თქმით, პლებისციტის მინუსი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებს უფრო სწრაფად შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა ბოკერია ასევე იმეორებს, რომ ყველაფრის მოგვარების შემთხვევაში, ეს კომპრომისი ღირებულია.

"მე ვთვლი პირადად და ევროპული საქართველოც, პარტიაში სხვა აზრი არც მომისმენია, რომ, თუ არჩევანია, რა თქმა უნდა, პირდაპირ შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე უფრო ლოგიკურია, ოღონდ ასევე ლოგიკურია, რომ მხოლოდ ამაზე თუ კიდია ბედი ასეთი უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელზეც პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი, გამოსავალი გვაქვს ყველაფერ დანარჩენში და ეს საკითხი დარჩა მხოლოდ საღი აზრი და მინიმალური გონიერებაა ამაზე დათანხმება.

პლებისციტის მინუსს ვხედავ იმაში, რომ განმუხტვა სიტუაციის უფრო სწრაფად ხდება, თუ ეგრევე ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდით. რაც უფრო სწრაფად იქნება ვადამდელი არჩევნები, ქვეყნისთვის არის უკეთესი, პლებისციტის გამო ეს დრო შეიძლება უფრო გაიწელოს და ეს არ არის კარგი, მაგრამ მიუხედავად ამ მინუსისა, თუ დანარჩენი ყველაფერი გვარდება, ეს კომპრომისი ამად ნამდვილად ღირს", - თქვა ბოკერიამ.

პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, განსაკუთრებით გაამწვავა, ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და, მეორე მხრივ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ. ამ უკანასკნელის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კრიზისის ირგვლივ გააქტიურდა და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. 

მარტის დასაწყისში თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორგანიზება გაუწია შეხვედრას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისა და ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პირველი მცდელობა იყო. 

ქართულ ოცნებას 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციის პირობებზე შემხვედრი წინადადებები წარადგინოს. ოპოზიციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ვადამდელი არჩევნები "წითელი ხაზია". 

კომენტარები