H5N8 ტიპის ვირუსი

რუსეთში H5N8 ტიპის ვირუსი ადამიანებში პირველად გამოვლინდა

Rising Kashmir

მსოფლიოში პირველად, რუსეთში H5N8 ტიპის ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე გადაცემა გამოავლინეს.

რუსეთის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ვირუსი ქვეყნის სამხრეთში არსებული ფერმის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. 

სააგენტოს ხელმძღვანელის, ანა პოპოვას განცხადებით, შვიდივე ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად კი ადეკვატური ზომები გამოვლენისთანავე იქნა მიღებული.

H5N8 ტიპის ვირუსი აქამდე არაერთ ქვეყანაშია გამოვლენილი, მაგრამ გავრცელების არეალს მხოლოდ შინაური ფრინველი წარმოადგენდა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც შტამი ფრინველიდან ადამიანს გადაედო. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების თაობაზე ინფორმირებულები არიან.

პოპოვას თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადება არ დაფიქსირებულა, მაგრამ უცნობია, შეიძენს თუ არა ვირუსი ამ უნარს მომავალში მუტაციების შედეგად.

 

კომენტარები