კარავი 1921

პარლამენტთან პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს აქციაზე აქტივისტები დააკავეს [LIVE]

ტაბულა Live

პარლამენტთან გამართულ პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს აქციაზე აქტივისტები დააკავეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვის გაშლას აპირებდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა. მათ შორის არის გიორგი მუმლაძე. აქტივისტები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით სამართალდამცველების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.


აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ "დღეს თითქოს შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, ისევე როგორც 100 წლის წინათ, მაგრამ ჩვენ გვიწევს დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ასეა".

"100 წლის მერეც არ არის დაცული 1921 წლის კონსტიტუციის 33-ე მუხლი: "საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ."

100 წლის მერეც, ჩვენს კონსტიტუციაში შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა: "ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება."(მუხლი21)

100 წლის მერეც ჩვენი კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას. ეს არის ჩვენი სამოქალაქო განაცხადი! თუმცა, ხელისუფლება ჯიუტად არღვევს მას". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები