სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი ქალის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

ტრანსგენდერი ქალის ინეტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა.

უძრავი ქონების აგენტმა ტრანსგენდერ ქალს უთხრა რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით.

სახალხო დამცველის ოფისი განმარტავს, რომ უძრავი ქონების აგენტის უარი რაციონალური მოქმედებებიდან არ გამომდინარეობდა და რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესების ხელყოფის საფუძველი.

რეკომენდაციაში ყურადღება არის გამახვილებული ასევე ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე.

კომენტარები