ლევან სუთიძე: პატრიარქის დამამცირებელი ვიზიტი

გახსოვთ ალბათ, როგორ მიულოცა პატრიარქ კირილს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 65 წლის იუბილე. მოსკოვში საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მღვდელმთავართა სიმრავლით, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდითა და ეფექტური ხმის მქონე არქიდიაკონით ჩაფრინდა. ქრისტე მაცხოვრის ტაძარში აღვლენილ ლიტურღიაზე, კათალიკოსის მილოცვა მინიმუმ სანახაობრივად გამოიყურებოდა, - იშვიათი კეთილხმოვანების გუნდი (ჩემი აზრით) არქიდიაკონი დემეტრეს კვერექსებს პასუხობდა, პარალელურად საკურთხეველში მოგოგმანე პატრიარქი თანამწირველისადმი კეთილ სიტყვებს არ იშურებდა. როგორი მავნებლობაც არ უნდა იყოს ოკუპირებული ქვეყნის პატრიარქის მხრიდან ოკუპანტის დედაქალაქში გულთბილი ვიზიტები, მითუმეტეს მაშინ, როცა რუსეთის საპატრიარქო მის პირად დაქვემდებარებაში მყოფ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას ითვისებს, ფაქტია, რომ კათალიკოსი თავხედურად არ მოქცეულა. ფაქტია ისიც, რომ ქრისტე მაცხოვრის ყრუ ტაძარს, ქართული პოლიფონიის მსგავსი იშვიათად ღირსებია.

საპირისპიროდ, როცა პატრიარქის 80 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 35 წლისთავი დადგა, კირილმა საქართველოში ჩამოსვლა არ იკადრა. ხანში შესულ კათალიკოსს მხოლოდ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ერგო, დამტვრეული ქართულით მომლოცველი სამების საკათედრო ტაძრის ამბიონზე. მაგრამ საპატრიარქოში ეს არავის შეუმჩნევია. ჩვენი საპატრიარქოსთვის ღირსების რადარი მხოლოდ მაშინ ირთვება, როცა რომელიღაც რელიგიათმცოდნე, facebook-ის პირად გვერდზე პატრიარქის ეპისტოლეს იმიტაციას დაწერს. მაგრამ დამცირება მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. მოხუცი პატრიარქი ახლა თავად იმყოფება მოსკოვში, იმისთვის, რომ საიუბილეო საჩუქარი წამოიღოს. პატრიარქმა კირილმა "მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის" ეგიდით ილია მეორეს რაღაც გაურკვეველი ჯილდო უნდა გადასცეს.

საქმე რაშია... მოსკოვში ჩაფრინდა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში იშვიათი პირველიერარქი, რომელიც რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერად ითვლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართალია მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ გარეგნულ რევერანსებს არ იშურებს (რადგან ვიყოთ გულწრფელები, სწორედ მასზე ჰკიდია ავტოკეფალია) მაგრამ მის პოზიციებს მხარს არსად უჭერს. პატრიარქის მოსკოვში ჩაფრენის პირველივე დღესვე გაცხადდა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის არც თუ დასაბუთებული ეკლესიოლოგიური პოზიციების მხარდამჭერი პატრიარქი, რუსეთს არ ადარდებს. რამდენი მეტანიაც არ უნდა აღასრულოს საქართველოს კათალიკოსმა ქრისტე მაცხოვრის კათედრალში, მას მაინც არ აღიქვამენ სერიოზულად. სწორედ ამიტომ, პატრიარქის ტიტულში ზარზეიმით შეტანილი ”ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა” მოსკოვის საპატრიარქოს სულ კვერთხზე ჰკიდია  და მას ნახევარი ტიტულით იხსენიებს

კირილმა  ილია მეორეს დასახვედრად აეროპორტში მისვლა არ იკადრა. პატრიარქს საღამოს ოფიციალურ ვახშამზეც ილარიონ ალფეევი ერგო, რომელსაც ერთადერთი ლინკით აპიარებენ საქართველოში - დედამისმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით ”დჟვარი”.

და ვინც ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ იფიქრებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ თაყვანისცემას აქვს მნიშვნელობა და არა პატივისცემას, მეშვიდე საეკლესიო კრების კანონების სახელით გვერდებში მოხვდეს უზარმაზარი ანათემა. 

 

 

კომენტარები