ღვედები

საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ღვედების ხმარებაში უკვე კარგად ვიყავი გაწვრთნილი. მანქანაში ჩაჯდომისთანავე, რეფლექსურად, ხელი ღვედისკენ გამირბოდა ხოლმე. საჭესთან მის გარეშე ჯდომა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც, ვთქვათ, ქუჩაში უშარვლოდ გასვლა. მაგრამ საქართველოში რაღაც უცნაურობა შემემთხვა. ჯერ ის შევამჩნიე, რომ ბევრ მანქანას ღვედი უბრალოდ არ ჰქონდა, ან თუ ჰქონდა, ისიც დიდი ხნის დავიწყებული და ადგილზე მიმხმარი. მათი ტარება ყოვლად წინდაუხედავ საქციელად აღიქმებოდა. ტაქსისტები ისეთ მზერას გესროდნენ, იფიქრებდი, რომ რაღაც დააშავე – “ღვედს იკეთებ არა? გგონია ტარება არ ვიცი?” მართლაც, ერთხელ, როცა ძველ ჟიგულიში, რომელიც, სულ ცოტა, ბაბუაჩემის ხნისა იქნებოდა, ხელი იმედიანად გავაპარე ღვედისაკენ, მძღოლმა მაშინვე ჩემი გადარწმუნება დაიწყო. მითხრა, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა. გამოცდილი ტაქსისტი ყოფილა, საჭესთან თითქმის ორმოცი წელი მჯდარა და თურმე ერთი ავარიაც არ მოსვლია. ვუყურებდი ნახევრად დამსხვრეულ წინა საქარე მინას, მის ქვეშ აქა-იქ ჩაზნექილ კორპუსს და ერთადერთი, რაც შემეძლო, მძღოლის სიტყვებში ეჭვის შეტანა იყო. ღვედი აღარ გამიკეთებია.

დროთა განმავლობაში, ცვლილება საკუთარ თავშიც აღმოვაჩინე. როცა ვხედავდი მძღოლი ღვედის შეკვრას იწყებდა, მომენტალურად ვიძაბებოდი: მანქანის ტარებას ღვედის გარეშე ვერ ბედავს? – რა გვეშველება?! (უცნაურია, მაგრამ იმავე პერიოდში მგზავრობასთან დაკავშირებული სხვა მიზეზითაც დამეწყო ნერვიულობა და უკვე ისეთ “მარშრუტკებშიც” ვერიდებოდი ასვლას, სადაც შუშაზე მიკრულ პატარა ლამინირებულ ხატებს ვერ დავინახავდი). თუკი აქ ვცხოვრობ, ვიქნები ისეთივე თავზეხელაღებული და უდარდელი, როგორიც ქართველები არიან – ასე ვამართლებდი ჩემს საქციელს.

თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჯერ წელიწადიც არ გასულა, რაც თბილისში უსაფრთხოების ღვედების ტარება სავალდებულო გახდა და მე უკვე აღვიდგინე ის ავტომატური ინსტინქტი, რომელიც მანქანაში ჩაჯდომისას ღვედის შეკვრას მაიძულებს. მაგრამ გამონაკლისი აღარ ვარ. ახლა, მთელი ქალაქი იმავეს აკეთებს. მართალია, მოხუც, სახეშეჭმუხნულ ტაქსისტებს რამდენიმე კვირის განმავლობაში საწუწუნო საბაბი მიეცათ, მაგრამ შესაძლოა, ჯარიმის შიშმა იმოქმედა და, საბოლოოდ, დღეს თბილისში ღვედით უკვე ძველისძველი მოსკვიჩიცაა აღჭურვილი, დაჯარიმებული კი, ჯერ არავინ მინახავს. ის, რაც მე საფრთხის უდარდელად აღქმის მყარად გამჯდარ სოციალურ ფენომენად მიმაჩნდა, სრულიად აორთქლდა.

ღვედების კანონის ასეთი უპირობო წარმატება საქართველოში ერთ გავრცელებულ სტერეოტიპს ამსხვრევს. არსებობდა აზრი, რომ კანონებისა თუ შეზღუდვების სიძულვილი ქართველის თანდაყოლილი თვისებაა. სანამ ეს წესი შემოვიდოდა, ბევრს მიაჩნდა, რომ ხალხი მას არ დაემორჩილებოდა. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ამაყი მთიელების ქვეყანაა, აქაურები სერიოზულად არ აღიქვამენ უმნიშვნელო განკარგულებებსა თუ წვრილმან ოფიციოზს, ქართველი არც ძალაუფლებას აღიარებს და ძალიან ბრაზდება, როცა ვინმე ეუბნება თუ რა უნდა გააკეთოს. ასეთი ხუმრობაც გამიგია: გინდა ქართველი კლდიდან გადმოხტეს? – უთხარი, რომ მთავრობა კლდიდან გადმოხტომას კრძალავს.

როგორც ჩანს, ამ სტერეოტიპის გადახედვაა საჭირო. ვფიქრობ, სინამდვილეში, ქართველებს წესები ძალიანაც მოსწონთ. არავინ დაობს, საქართველო გერმანია არაა და ეს ალბათ არც შეიცვლება, მაგრამ ის მოკლე დრო, რომელშიც ქართველები ასე ადვილად შეელიენ ძვირფას უფლებას მანქანის საქარე მინა თავით დაემსხვრიათ და ამგვარად დასრულებინათ საკუთარი სიცოცხლე, ნამდვილად მეტყველებს ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის მოთხოვნილებაზე. ღვედებს რომ თავი დავანებოთ, როცა თბილისში პირველად ჩამოვედი, ქალაქში შუქნიშნები თითქმის არსად მუშაობდა, მაგრამ რაც ახალი სისტემა ამოქმედდა, ხალხმა გზაჯვარედინზე გაჩერებაც ისწავლა. ახლა, ძველი ბიჭებიდან უძველესიც კი თავის BMW-ს აჩერებს და გზას ფეხით მოსიარულეებს უთმობს. ჩემთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. აი, უკვე ვხედავ ქალაქს, სადაც მცხოვრებლები ნაგავს არც შუა ქუჩაში ყრიან და არც ცეცხლს უკიდებენ. ამ ქალაქში ძაღლის პატრონი საკუთარი კავკასიური ნაგაზის მოსაქმებულს თავადვე იღებს, შენობებისა და სადარბაზოების შესასვლელი ყველგან მოწმენდილი და სუფთაა – მთლიანობაში კი ჯანსაღი გარემოა. ახალი იერუსალიმი იქნება, ჭეშმარიტად. თუმცა მანამდე, ღვედების შეკვრა არ დაგავიწყდეთ.

კომენტარები