Wikipedia

ათი წლის წინ ჯიმი უელსმა ვიკიპედიაში პირველი სტატია დაწერა. ეს ის დრო იყო, Microsoft-ი მჭადებივით რომ აცხობდა ენციკლოპედია “ენკარტას” ნაირ-ნაირ ვერსიებს, 11 სექტემბერიც ჯერ არ დამდგარიყო, სოციალური მედია არავის გაეგო რა იყო და არც ზმნა “დაგუგლვა” არსებობდა. პირველ სტატიას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და სადღაც ექვს კვირაში 2500 სტატია დაგროვდა. საინტერესო ის არის, რომ იმდროინდელ ვიკიპედიაში პეტი სმიტის მუსიკალური ალბომის, “Horses” გვერდი უფრო გრძელი იყო, ვიდრე სტატია პარიზზე და მხოლოდ 56 მათგანი ეხებოდა აშშ-ს და მის სახელმწიფოებრივ მოწყობას. დანარჩენი სტატიები კი საშუალო სტატისტიკური კომპიუტერული გიკის გემოვნების შესაფერისი იყო: ფანტასტიკური ლიტერატურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები...

ათი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვიკიპედია ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე ვიკიპედია “ბრიტანიკას” გაეჯიბრება აკადემიურობის და ავტორიტეტულობის ხარისხშიო, ეს სასაცილოდ არ ეყოფოდა არავის, ვინაიდან სკეპტიკოსები ვიკიპედიას თავიდანვე მკვდრად შობილ პროექტად მოიხსენიებდნენ, ბაბილონის გოდოლის მაგალითი მოჰყავდათ, როცა არაორგანიზებულმა და ენააღრეულმა ადამიანებმა ვერაფერი ხეირიანის გაკეთება ვერ შეძლეს და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაიქსაქსნენ. ამის შესახებ ვიკიპედიელები შემდეგ იხუმრებენ, ბაბილონის გოდოლი იმიტომ ვერ ააშენეს, რომ მაშინდელი ადამიანები იდეოლოგიურად თავისუფლები არ იყვნენო, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვიკიპედიის ფარგლებში ადამიანებმა საერთო ენა იპოვეს, რეგულაციის მექანიზმები შეიმუშავეს და ახალი ტექნოლოგიები დანერგეს...

ბოლო დროს მუსირებს აზრი, რომ ტექნოლოგიები კიბორჩხალის ნაბიჯებით, უკუმიმართულებით და სპირალურად ვითარდება, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია ძველის გადამღერება, ახლებური გააზრება და შემდეგი იტერაციაა... ვიკიპედიის შემთხვევაშიც ასეა: ოდესღაც ჩვენი წინაპრები ეტრატებზე წერდნენ. საწერი საშუალებები მაშინ იმდენად ძვირფასი და იშვიათი ფუფუნება იყო, რომ ახლის დაწერის სურვილით ძველ ტექსტს შლიდნენ და ზედ ახალს აწერდნენ, შემდეგ კვლავ შლიდნენ და აწერდნენ... ამგვარ ეტრატებს პალიმფსესტებს უწოდებენ და მათი კულტუროლოგიური მნიშვნელოვანება იმაშია, რომ ზედ დატანილი ტექსტის თითოეული პირის წაკითხვა და გარჩევაა შესაძლებელი, დაახლოებით ისევე, როგორც ვიკიპედიაში შეიძლება სტატიის რედაქტირების ისტორიის ნახვა. ანუ გამოდის, რომ ვიკიპედია ციფრული პალიმფსესტების საცავია, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი რამ წაშალოს, ჩაასწოროს და ჩაამატოს.

ვიკიპედიასთან დაკავშირებით ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან: პირველ ნაწილს ფანატურად უყვარს ვიკიპედია, მეორე ნაწილს სძაგს და არ ენდობა მას. ზიზღის და სიყვარულის საგანი ორივე შემთხვევაში ვიკიპედიის სტრუქტურაა, სადაც არ არსებობს ავტორიტეტული აზრი, არსებობს მხოლოდ ფაქტი და ნეიტრალური თვალსაზრისი, რომლის მიღწევაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მახსენდება ქართული ვიკიპედიის მაგალითი, როცა პირველი სტატიები იწერებოდა და ვარდების რევოლუციის დროს მიხეილ სააკაშვილს ახალი დალეული ჰქონდა შევარდნაძის ჩაი. მაშინ ერთდროულად ორი სტატია დაიწერა სახელწოდებით “ვარდების რევოლუცია”. პირველის ავტორი ახალი დროების მეხოტბე იუზერი გახლდათ, მეორისა კი – ძველის. თავისუფალ ენციკლოპედიაში ავტორები ვერა და ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ შეეფასებინათ ვარდების რევოლუცია – დადებითად თუ უარყოფითად, ამიტომაც კომპრომისი მოინახა და დროებით სტატიის ორი ვერსია დაიდო პარალელურ რეჟიმში. დღესდღეობით მხოლოდ ერთი სტატია არსებობს და იქ მოყვანილ ფაქტებს ნეიტრალურობაზე აქვთ პრეტენზია, მასში ვეღარ შეხვდებით ტერმინებს “ნომენკლატურული რევანში”, “სასახლის შინა კარის გადატრიალება” და „ნეოპუტჩისტური ძალაუფლება”, თუმცა არც ხელისუფლების ხოტბა-დიდება აღარ არის.

ვიკიპედია ყველა სხვა ენციკლოპედიისაგან განსხვავებით მუდმივად დამუშავების პროცესშია, ანუ ტყუილად არ შეუდარებიათ ის ბაბილონის გოდოლისათვის. ვერ იარსებებს მომენტი, როცა შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ვიკიპედია დასრულდა, ვინაიდან სტატიები ქრონოლოგიურად ასახავენ მიმდინარე მოვლენებს, არსებული რეალიების გადაფასებაც დროის დინების შესაბამისად მიმდინარეობს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ამა თუ იმ სტატიის გადაწერის საჭიროება დგება, თუმცა მთავარი ვიკიპედიაში ისაა, რომ ყველა ჩანაწერი ინახება და სტატიის წინა რედაქციები ჩვენგან მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებაშია. ასე მაგალითად, ამას წინათ ინგლისურ ვიკიპედიაში არსებული სტატიის, “ერაყის ომის” მთელი ისტორია დაბეჭდეს და ნაბეჭდმა ტექსტმა თორმეტი საშუალო სისქის ტომი შეადგინა. ხუთი წლის განმავლობაში თორმეტიათასჯერ დარედაქტირებული თორმეტტომეულის წაკითხვის ნერვები თუ გაქვთ, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რას ფიქრობენ ამ ომის შესახებ სხვადასხვა თაობისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები.

გასულ კვირას ვიკიპედია ათი წლის გახდა. ამ მოვლენამ ვიკიპედიელთათვის უმნიშვნელოდ ჩაიარა. მხოლოდ წარწერა გაჩნდა ზედა მარცხენა კუთხეში – “ვიკიპედია ათი წლისაა”. დღესდღეობით ვიკიპედია პოპულარობის მიხედვით მე-5 საიტია ინტერნეტში, მათ შორის არაკომერციულ პროექტებს შორის კი – პირველი. 270 ენაზე დღესდღეობით 17 მილიონი სტატიაა შექმნილი. მუდმივი რედაქტორებისა და ადმინისტრატორების რიცხვი კი ასი ათასს აღწევს. მხოლოდ მშრალი რიცხვებით ძნელია აღიწეროს ვიკიპედიის მნიშვნელოვანება თანამედროვე სამყაროში, ამასთან, როგორც შემქმნელები ირწმუნებიან, ვიკიპედია საფრთხის წინაშე დგას, უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია ტექნიკურ მხარდაჭერას და სახსრებს საჭიროებს. ენციკლოპედიის პროექტის ბიზნესმოდელი კი რეკლამირებას და რაიმე სახით სუბსიდირებას გამორიცხავს და მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე არსებობს, რაც ყოველთვის არ არის საკმარისი.

ვიკიპედიაში ყოველდღიურადმიმდინარეობს ვანდალიზმთან, სპამთან და უბრალოდ გართობის მოსურნე ინტერნეტ-ბოროტმოქმედებთან ბრძოლა. ვიკიპედია ერთ დიდ კედელს ჰგავს, სადაც ადვილია რაიმე უცენზურო სიტყვის მიწერა, თუმცა კედელს თავისი დამცველებიც ჰყავს, რომლებიც კედლის მხატვრობას და ფასეულ ინფორმაციას იცავენ, ენანებათ რა კედლის მოხატვაში დახარჯული დღეები. თუ მცველები დაცვას შეწყვეტენ, მიტოვებული ეკლესიისა არ იყოს, კედელს სპამერები, ვანდალები და ეშმაკები დაეპატრონებიან. ასე რომ, თუკი თქვენ კვლავაც შეგიძლიათ ვიკიპედიით სარგებლობა, იცოდეთ, რომ კედლის კეთილი მცველები ჯერჯერობით იმარჯვებენ.

 

 

კომენტარები