ტიციან ტაბიძე – ნაწყვეტები მითიდან

ტიციან ტაბიძე

 ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები. ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.
ელიოტმა კი თქვა ავტორი მოკვდა და აწი ტექსტებს მიეძალეთო, მაგრამ მხოლოდ თეორეტიკოსებმა თუ შეისმინეს ეს ამბავი. მწერალი ხომ ადამიანია (პოეტიც), ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ექოთი – ხან წამებული, ხან მწამებელი, ათას ფათერაკთა და ჭირთა გადამხდელი და დამთმენი ან ვერ დამთმენი. ჰოდა ხალხს აინტერესებს ისტორიები მასზე, მერე გზადაგზა რაღაც-რაღაცას თვითონ გამოიგონებს და მითებიც იბადება. მითი ხუმრობასავითაა, აბა იმ მითს რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ ურევია.
ტიციან ტაბიძეც მითების საუფლოდან მოდის, მეტი რაღა გინდათ – „ცისფერი ყანწების” მანერული სერობები, „ქიმერიონის” ჩვენებური ბოჰემა, ფრანგული ნიავი და ქართული ლექსი, სმა და გარჩევები, გნებავთ ლიტერატურული, გნებავთ მუშტი-კრივი, უბრობა გალაკტიონ ტაბიძესთან – მურმან ლებანიძეს აქვს ლექსად – როგორ შეებნენ ერთმანეთზე გაბუტული გალაკტიონი და ტიციანი ერთად ახირებულ „რეგვენთა ჯგუფს”. მერე კი ბოლშევიკები, „თანამგზავრობა” – როცა ტიციანის ცნობილ ფრაზაში „სამშობლო მიწავ, გიკოცნი ფესვებს”, სამშობლოს ნაცვლად საბჭოთა ჩაჯდა, როცა არც დიადი კომუნიზმის მშენებლობაზე პოემის წერამ და სხვა არაერთმა ნაძალადევმა „აღიარებითმა წერილმა” უშველა. (ამგვარი აღიარება-შენანების კლასიკური ნიმუშია მწერალთა კავშირის ერთი იმდროინდელი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას გამოსვლაა მოტანილი – „ვინანიებ, ამხანაგებო, ვინანიებ (და ქვედა ყბა აუკანკალდა)”.
„ცისფერყანწელთაგან” ბევრი უფრო არტისტული იყო, მაგრამ ბუნებით მორცხვ ტიციანს მგონი ყველაზე მეტი „თეატრი გადახდა”, როგორც მაშინ იტყოდნენ საოცარ ამბებზე. მეგობრობა მას უწინამც რუს კოლეგებთან ჰქონდა (ბარემ ფრანგებთან ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ იაშვილმა მოახერხა ერთწლიანი პარიზობა და მერე კარიც მიიხურა). ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, მაგალითად ბორის პასტერნაკის შემთხვევაში, რომელსაც ბალიშის ქვეშ, სასიკვდილო სარეცელზე ორი წერილი ედო – რილკესი და ტიციანის. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტია – ტიტეს (გალაკტიონი ეძახდა) ის ცარიელი ფურცლები, საწერ მაგიდაზე რომ დარჩა 1937 წელს, პოეტის მეუღლემ, ნინო ტაბიძემ პასტერნაკს აჩუქა და ბორისმა „ექიმი ჟივაგოს” წერა სწორედ მასზე დაიწყო.
ნინო ტაბიძის მოგონებებში შეხვდებით არაერთ არნახულ ამბავს. ალბათ იცით, როგორ მიიყვანა და აჩვენა საკუთარ მეუღლეს მუზა – თამუნია და რა თავგამოდებით უქებდა მის სილამაზეს. ნინო ტაბიძე წერს მაიაკოვსკისთან შეხვედრაზეც, რომელიც თბილისს 1926 წელს ესტუმრა. იგონებს დუქან „სიმპათიას”, რომლის „კედლები ვიღაც თვითნასწავლი მხატვრისთვის მიებარებინათ. აქ შეხვდებოდით მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს. შექსპირს მხარს მეფე სოლომონი უმშვენებდა. ორივენი პუშკინს, რუსთაველსა და ლერმონტოვს შესცქეროდნენ. შემდეგ გოგოლი, ჰომეროსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი, სპინოზა, გოეთე, შილერი გამოეხატათ. ცნობით ვერც ერთს იცნობდით, წარწერით თუ მიხვდებოდით”.
ბუნებრივია, სრული სიმართლეც რომ ყოფილიყო, ნინო ამას საკუთარ წიგნში ვერ მოჰყვებოდა, მე კი ერთმა პატიოსანმა ლექტორმა მიამბო, ძველი დროის საქმეების კარგად მცოდნე კაცმა. მერე რამდენიმემ დამიდასტურა. მოკლედ, თბილისში ჩამოსული მაიაკოვსკი დაბინავდა ერთ-ერთ სასტუმროში. ტიციანი, პაოლო და რამდენიმე ქართველი პოეტი საგანგებოდ მომზადებულან მასთან შესახვედრად, ფრაკებში გამოწყობილები მიადგნენ ნომერს. მაიაკოვსკიმ გამოსძახა, აბაზანაში ვარ, კარი ღიაა და დაბრძანდითო, შევიდნენ და დასხდნენ. ვლადიმერი საოცრად გაფანტული ადამიანი გახლდათ, ჩაცმა დავიწყებია და ღიღინ-ღიღინით სრულიად შიშველი გამოვიდა და მიესალმა ფრაკიანებს. ესენიც არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ კიდევ უარეს დღეში ჩაცვივდნენ, როცა რუსმა ფუტურისტმა მათი გაცილება მოინდომა და ლამის ქუჩაში გამოჰყვა. ბოლოს ტიციანს ამოუღერღავს: „შეგცივდებათო”. მეორე დღეს მთელ თბილისს ეს ამბავი აბოდებდა.
ერთხელ თურმე სერგეი ესენინი ესტუმრა და გახარებული ტიციანი ქართულ მასპინძლობას შეუდგა, აქეთ ბიჭებს დაუძახა, იქით გეგმა შეადგინა პურობების, მაგრამ მეორე დღეს სერგეიმ მოულოდნელად დაიწყო ჩემოდნის ჩალაგება. მერეღა უთხრა, თურმე აქ აისედორა დუნკანს ემალებოდა (რომელთანაც რომანი ჰქონდა) და სხვა მეგობრებმა უთხრეს, თბილისში შენი ყოფნის ამბავი გაიგო და ქუჩა-ქუჩა დაგეძებსო. ასე გაიპარა ესენინი და მერე ზრდილი ტიციანი აისედორას მასპინძლობდა, ოღონდ, ბუნებრივია, არაფერს იმჩნევდა.
ამბობენ, სულ ტიციანის ოინებია, ერთ-ერთი პურობისას ქართველმა მწერლებმა პაოლო იაშვილის კეპი რომ მიირთვესო. არავინ იცის, ეს ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ პოეტმა ერთ-ერთ ლექსში სულ სხვა რამის სათქმელად კი დაწერა: „გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში, ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო”.
მოკლედ, დანარჩენს სხვა დროს მოგიყვებით, სხვა დროს და სხვებზეც. ამით დავასრულოთ:
როცა დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს გადარჩენილ მწერალთა რიგებში.
შეიძლება ეს ამბავი ყველაზე მართალია. რომც არ იყოს – ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები.
ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.

კომენტარები