აშშ

ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერის ბიზნესკავშირებს და გადასახადებს პროკურატურა იძიებს

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა თქვა, რომ მისი გადასახადების თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიებას დელავერის შტატის ფედერალური პროკურატურა აწარმოებს. ამერიკული მედიის მიხედვით გამოძიება უცხო ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, ჰანტერ ბაიდენის ბიზნესკავშირებს შეეხება.

თავად ჰანტერ ბაიდენის თქმით, დარწმუნებულია, რომ გამოძიება მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"მე ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალური და მიუკერძოებელი გამოძიება აჩვენებს, რომ ჩემი საქმიანობა კანონიერი იყო". - თქვა მან.

კომენტარი გააკეთეს ჯო ბაიდენის გუნდშიც. მათ თქვეს, რომ ბაიდენი ამაყობს თავისი ვაჟით, რომელსაც არაერთხელ მოუხდა პერსონალურ თავდასხმებთან გამკლავება და ყოველთვის უფრო ძლიერი გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როდესაც ჯო ბაიდენს ჯერ გამოცხადებული არ ჰქონდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე გეგმავდა კენჭისყრას.

მას შემდეგ ჰანტერ ბაიდენი გახდა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. სწორედ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს და წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნისათვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით იმუქრებოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ბაიდენთან პირისპირ დებატებში ტრამპმა არაერთხელ დაადანაშაულა ჰანტერ ბაიდენი უცხო ქვეყნებისაგან დაფინანსების მიღებაში და უკანონო ბიზნესსაქმიანობაში.

კომენტარები