არჩევნები რუმინეთში

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური სოციალდემოკრატიული პარტია ლიდერობს

6 დეკემბერს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ მცირე რაოდენობა, მხოლოდ 33% გამოცხადდა ხმის მისაცემად. ამ დროისთვის დათვლილია შედეგების 80%.

ხმათა 30%-ით ლიდერობს ოპოზიციური სოციალდემოკრატიული პარტია, მმართველ ეროვნულ ლიბერალურ პარტიას კი ხმათა 25% აქვს მიღებული.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ სამთავრობო კოალიციას კვლავ ლიბერალური პარტიები შექმნიან, რადგან პრემიერმინისტრ ლუდოვიკ ორბანის პარტიას პარლამენტში მეტი პოტენციური მოკავშირე ეყოლება.

რუმინეთი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მოსახლების დიდი ნაწილი სამუშაო ადგილების საძებნელად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიდის. მმართველი პარტიის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაცია წარმოადგენდა.

სოციალდემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებით ნათელია, რომ მოსახლეობას სურს, ორბანი თანამდებობიდან გადადგეს. თავად ორბანმა კი გამოაცხადა, რომ ეს შედეგები მათთვის გამარჯვებაა და ის შეეცდება, მთავრობაში წარმოდგენილი იყოს მოსახლეობის ყველა ჯგუფის ინტერესები.

მიუხედავად წარსულში კორუფციასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალისა, ოზიციურმა, ნაციონალისტურმა სოციალდემოკრატიულმა პარტიამ მეტი ხმების აღება მოახერხა რეგიონებში, სადაც მმართველ პარტიას კორონავირუსის პანდემიასთან არაეფექტიან ბრძოლაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში 19 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 513 576-ს მიაღწია, გარდაიცვალა 12 320 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის პარლამენტში პირველად შევა ულტრამემარჯვენე პარტია ალიანსი რუმინეთის ერთობისათვის, რომელმაც ხმათა 9% მიიღო.

კომენტარები