Reformerfitness ბათუმი

Reformerfitness-ის დახურვის გასაპროტესტებლად მისული ერთ-ერთი ადამიანი პოლიციამ დააკავა

ბათუმში, ფიტნესცენტრ Reformerfitness-თან, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, გასაპროტესტებლად მისული ერთ-ერთი ადამიანი პოლიციამ დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მოქალაქე ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

Reformerfitness-ი შრომის ინსპექციამ აკრძალვების მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის მუშაობის შეჩერებას არ აპირებდა. გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კი ფიტნესცენტრი საცხოვრებელ სახლად იქირავა და თქვა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სავარჯიშოდ მისვლა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნესცენტრებმა და საცურაო აუზებმა მუშაობა უნდა შეაჩერონ.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა დღეიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები