ტოლერანტობის ქომაგის წოდება

ნახეთ, ვინ არიან 2020 წლის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები

ტაბულა

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა 2020 წლის ტოლერანტობის ქომაგები დაასახელეს. 

ტოლერანტობის ქომაგის ტიტულები გადაეცემათ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებს, მედიებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც იმ წლის განმავლობაში ხელს უწყობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ პიროვნების ნომინაციაში მწერალი დათო ტურაშვილი დააჯილდოვა. ორგანიზაციის ნომინაციაში საბჭომ ორი გამარჯვებული გამოავლინა – ქალთა ფონდი საქართველოში; თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. რაც შეეხება მედიას, საბჭომ სერიალი თესეა დააჯილდოვა, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გადის. 

საჯარო მოხელის ნომინაციაში კი ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ თინათინ ღოღელიანი დააჯილდოვა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 

"ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის "ტოლერანტობის ქომაგის" ტიტული მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს: მარია ფილინასა და ნაირა ბეპიევს". – წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რაც შეეხება რელიგიათა საბჭოს, მათ პიროვნების ნომინაციაში მაკო ღავთაძე დააჯილდოვეს, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელია. საჯარო მოხელის ნომინაციაში კი რელიგიათა საბჭომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა დააჯილდოვა. 

რელიგიათა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო ასევე გადასცა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდსა და ჟურნალ საბას, საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიურ მაცნეს.

კომენტარები