ჰიბრიდული ომი

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ГРУ-ს 6 ოფიცერს ჰაკერული შეტევების გამო ბრალი წარუდგინა

Teiss

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ქვედანაყოფის 74455-ის 6 ოფიცერს სხვადასხვა ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზე თავდასხმის გამოც რუს ოფიცრებს ბრალი წარედგინათ, ერთერთი საქართველოცაა. 

"ГРУ-ს ეს ჰაკერები თავიანთ თანაშეთქმულებთან ერთად კომპიუტერებში უკანონოდ იჭრებოდნენ და ჩართულები იყვნენ თავდასხმებში, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მხარდაჭერას, ძირი გამოეთხარათ, შური ეძიებინათ ან სხვაგვარად მოეხდინათ დესტაბილიზაცია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნების მიმართ. ჰაკერული თავდასხმები, ასევე, მიმართული იყო იმ ძალისხმევის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ ნერვული აგენტების (ნოვიჩოკის) იარაღად გამოყენების გამო. თავდასხმების კიდევ ერთი სამიზნე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იყო, მას შემდეგ, რაც დოპინგის გამოყენების გამო რუს სპორტსმენებს ეროვნული დროშით ასპარეზობა აუკრძალეს". – წერს იუსტიციის დეპარტამენტი. 

საქართველოს მიმართ რუს ჰაკერებს ბრალად ედებათ 2018 წელს ერთერთი მედია კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, ასევე 2019 წელს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა და იმავე წელსვე ქართული ვებსაიტების მიმართ ჩადენილი ფართომასშტაბიანი ჰაკერული თავდასხმა. ამ უკანასკნელში, სავარაუდოდ, იგულისხმება ჰაკერული თავდასხმა, რომლის დროსაც, ქართულ დომეინებზე დარეგისტრირებული ვებსაიტების დიდ ნაწილზე გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტო, წარწერით I'LL BE BACK (მე დავბრუნდები). 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჰაკერები იყენებდნენ მსოფლიოს ყველაზე გამანადგურებელ ვირუსებს, მათ შორის KillDisk-სა და Industroyer-ს, რომლებმაც გამოიწვიეს სერვისის გათიშვა უკრაინაში. ასევე, იყენებდნენ NotPetya-ს, რომელიც მინიმუმ მილიარდი დოლარი დაუჯდა სამ მსხვერპლს; Olympic Destroyer-ს, რომელმაც წყობიდან გამოიყვანა ათასობით კომპიუტერი, რომელიც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა. 

ჰაკერებს, იური ანდრიენკოს (32 წლის), სერგეი დეტისტოვს (35 წლის), პაველ ფროლოვს (29 წლის), არტემ ოჩიჩენკოსა (27 წლის) და პეტრ პლისკინს (32 წლის) ბრალად ედებათ შეთქმულება, კომპიუტერების დაჰაკვა, კომპიუტერული თაღლითობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი იდენტობის ქურდობა და დომეინის სახელის ყალბი რეგისტრაცია. 

"არცერთ ქვეყანას ისე ბოროტი განზრახვითა და უპასუხისმგებლოდ არ გამოუყენებია საკუთარი კიბერ-შესაძლებლობა, როგორც რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რომ შექმნას უპრეცენდენტო ზიანი, რათა მოიპოვოს მცირე ტაქტიკური უპირატესობები და დაიკმაყოფილოს ზიზღი". – თქვა ჯონ კ. დემერსმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის ასისტენტმა. 

კომენტარები