ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ხელვაჩაურში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალის ცხედარი მეწყერული მასიდან უკვე ამოტანილია. 

მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს განმნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან." - წერია განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმეტესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მეწყერმა სახლი და მანქანა წაიღო, რომელშიც მოქალაქეები იყვნენ. 

კომენტარები