კლუბ "ბასიანთან" სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს.
"დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვა პროცესს - სამართლიანობისთვის". – წერს ნაჯა ორაშვილი.
ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. ჩაჩხიანი ამავე დღეს დააკავეს.
ჩაჩხიანს ბრალი 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობას გულისხმობს. ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც არის ნასამართლევი. ის საპატიმროდან 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.