ახალი კორონავირუსი ისრაელში

ისრაელში კარანტინის ხელმეორედ შემოღებას აპროტესტებენ

Miriam Alster/Flash90

ისრაელში ასობით ადამიანი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ხელმეორედ შემოღებას აპროტესტებს. ისრაელი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო მკაცრ საკარანტინო ზომებს ხელახლა შემოიღებს.

პროტესტის მონაწილეები კარანტინს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ეწინააღმდეგებიან.

კარანტინი პარასკევს დაიწყება და სამ კვირას, 9 ოქტომბრამდე იმოქმედებს. მთავრობა კარანტინის შემოღების საჭიროებას მოახლოებული ეროვნული დღესასწაულებით ხსნის, რომელთა დროსაც ხალხის მასობრივი შეკრების გაკონტროლება რთული იქნება. საკარანტინო ზომების გამო მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილიდან 500 მეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება შეეზღუდებათ, გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს პროდუქტების და მედიკამენტების ყიდვა, დაკრძალვაზე დასწრება.

მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს. ოპოზიციონერი ლიდერის იაირ ლაპიდის განცხადებით, კარანტინი ძალიან აგრესიული ნაბიჯია, რომელიც დამანგრეველია ეკონომიკისთვის და არც ისე ეფექტიანია პანდემიის შესაჩერებლად.

"ერთადერთი მიზეზი რის გამოც ხელისფულება ახალ კარანტინს აცხადებს, არის ის რომ ის სრულიად დამარცხდა.. ის კორონავირუსის შეკავებაში მთლიანად დამარცხდა"

პანდემიის დასაწყისში ისრაელი ეფექტურად გაუმკლავდა ინფექციის გავრცელებას მარტში მკაცრი კარანტინის შემოღებით, თუმცა ხელისუფლებაში თვლიან, რომ შეზღუდვები ზედმეტად სწრაფად შეამსუბუქეს.

ისრაელში COVID-19-ის 176 933 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,169 ადამიანი. ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობა 1,677-ით გაიზარდა.

კომენტარები