COVID-19-ის რუსული ვაქცინა

7-დან 1 მოხალისე ამბობს, რომ Covid-19-ის რუსულმა ვაქცინამ გვერდითი ეფექტები გამოიწვია

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, 7-დან 1 მოხალისე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის რუსულმა ვაქცინამ გვერდითი ეფექტები გამოიწვია, მათ შორის სისუსტე და კუნთების ტკივილი.

Sputnik V ვაქცინის საბოლოო კლინიკური გამოცდა მიმდინარე თვეს დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს თქმით, 40 000 მოხალისიდან 300-ს გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ.

"დაახლოებით 14%-მდა დაიჩივლა, რომ ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში აწუხებდათ სისუსტე, კუნთების ტკივილი და ზოგ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურა". – თქვა მან.

მინისტრი ირწმუნება, რომ გვერდითი ეფექტები ერთ დღეში ქრება. მისივე თქმით, ეს მოსალოდნელი იყო.

მოხალისეებს მეორე აცრა 21 დღის შემდეგ ჩაუტარდებათ.

ტესტირების მესამე ფაზის ფარგლებში ვაქცინა რუსეთის სხადასხვა რეგიონში გადაიგზავნება. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.

გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ ვაქცინის მიღებას არ აპირებს.

რუსეთსა და ჩინეთში შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინები ჩვეულებრივი გაციების ვირუსზეა დაფუძნებული, რომლის იმუნიტეტი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, რაც ექსპერტების აზრით, ვაქცინის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. იმუნიტეტის არსებობის დროს არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამიანის ორგანიზმმა ვაქცინას შეუტიოს. ეს ხდის ვაქცინას ნაკლებ ეფექტურს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ფართო და აქტიური ტესტირების გარეშე გადაწყვიტა ოქტომბერში გაეკეთებინა ვაქცინა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად განეწყო რუსული ვაქცინის მიმართ.

აგვისტოში RBK ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა. ექიმების ნაწილმა უნდობლობის მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა, რაც მის ეფექტურობას დაადასტურებდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინა ზედმეტად სწრაფად დაამზადეს.

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია.

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.

კომენტარები