ბელარუსი-რუსეთი

ალექსანდერ ლუკაშენკო 14 სექტემბერს რუსეთს ეწვევა

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდერ ლუკაშენკო. სოჭი, 2019 წელი.
TASS

ალექსანდერ ლუკაშენკო 14 სექტემბერს რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო მედია 9 სექტემბერს, დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. 

მანამდე, კრემლში 7 სექტემბერს განაცხადეს, რომ ლუკაშენკო მოსკოვს "მომავალ დღეებში ეწვევა".

30 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა და მოსკოვში დაპატიჟა.

"შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირებში მოსკოვში შეხვედრა შედგება". – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ 15 აგვისტოს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგებოდა ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის...ბელარუსის დაცვა დღეს არანაკლებია, ვიდრე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს დაცვა... ვინც დღეს ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ დოკუმენტს, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა.

კომენტარები