ლელო

ლელო: თუ ოცნება არ იმოქმედებს, ტოლობას დასვამს საკუთარ თავსა და პატრიოტთა ალიანსს შორის

ლელო

ლელოს ლიდერების განცხადებით, თუ ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით სათანადოდ არ იმოქმედებს, ღიად დასვამს ტოლობის ნიშანს საკუთარ თავსა და მათ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას შორის. 

ამ საკითხზე ლელოს ლიდერებმა, ანა ნაცვლიშვილმა, თორნიკე ართქმელაძემ და ანა ბიბილაშვილმა ქუთაისში პრესკონფერენცია გამართეს. პარტიის წევრები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და დაიწყონ პატრიოტთა ალიანსის არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცედურა. 

"მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან, დაიწყოს პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების სამართლებრივი პროცედურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნება ურყევად დაადასტურებს, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს პატრიოტთა ალიანსის ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრორუსულ კურსს საქართველოში!" – ამბობს ქუთაისში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა ნაცვლიშვილი. 

30 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში, თურქეთის საზღვართან პროვოკაციული და პრორუსული შინაარსის მატარებელი ბანერი დაკიდა. კერძოდ, ბანერზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, წითელი ფერითაა გამოყოფილი აჭარის რეგიონი, ქვემოდან კი თურქეთიდან მიმართული ისრები ჰქონდა დახატული. ბანერზე ეწერა – "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო". 

ბათუმის მერიამ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში პატრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.

პარალელურად, რუსი ოპოზიციონერისა და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა. დღეს, 31 აგვისტოს ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურიდან პასუხი მიიღო, რომლის მიხედვითაც, უწყება მიიჩNევს, რომ პატრიოტთა ალიანსზე გამოძიების დაწყები საფუძველი არ არსებობს. ელენე ხოშტარიას თქმით, პროკურატურამ მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართა. 

კომენტარები