ვაკის პარკი

კალაძე: მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრულ განახლებასა და რეაბილიტაციას ვიწყებთ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება.

"ვიწყებთ ვაკის პარკის სრულ განახლებას და რეაბილიტაციას. ჩვენ გასული წელი დავუთმეთ საპროექტო სამუშაოებს, ასევე, ამ ხნის განმავლობაში შევხვდით დაინტერესებულ პირებს. ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზე ბრიტანულმა კომპანიამ CBS Studios-მა პარკის ფუნქციონალური ზონების პროექტი დაამუშავა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება, პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნებთ." – თქვა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.   

თბილისის მერის თქმით, სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა. 

"პარალელურად მიმდინარეობს კასკადის პროექტირება და როგორც კი პროექტი გვექნება, ასევე, კასკადისა და შადრევნების სამუშაოებზე გამოვაცხადებთ ტენდერს. 

როგორც გითხარით, გარკვეული შეზღუდვები მოგვიწევს, თუმცა, ისე დავგეგმავთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ ადამიანებს. გპირდებით, რომ როგორც სამუშაოები იქნა ჩატარებული და ძალიან მაგარი სივრცე გამოვიდა მზიურის პარკი, კიკვიძის პარკი, გლდანში, მე-6 მიკრორაიონში ძალიან ლამაზი სივრცე, დარწმუნებული ვარ, ვაკის პარკიც თბილისელების საამაყო პროექტი იქნება." – თქვა კალაძემ.

კომენტარები