ლევან სამუშია

ლევან სამუშია ლელოს შეუერთდა

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, ლევან სამუშია, ლელოში გაწევრიანდა. სამუშია წარადგინა ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ.

"ლელო არის ახალი სიტყვა, ახალი ძალა ქართულ პოლიტიკაში, ახალი იმედი, რომელიც ესოდენ სჭირდება ქართულ პოლიტიკას. გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებები [...] ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა, სამართალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს და ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული. ის რომ ეკონომიკაში იქნება წინსვლა ამ გუნდის მოსვლით, მე მგონია, რომ ამას ჩემი შეფასებაც არ სჭირდება, ეს საზოგადოებამაც კარგად იცის". – თქვა სამუშიამ.

ლევან სამუშიამ პარტია თავისუფალი დემოკრატები 3 აგვისტოს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება საკუთარ Facebook- გვერდზე გაავრცელა. სამუშიას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ დატოვა პარტია და, როგორც იგი წერს, ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ლევან სამუშია თავისუფალ დემოკრატებს 2016 წელს შეუერთდა და იმავე წლის არჩევნებში დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატობისთვის იბრძოდა.

კომენტარები