ხანძარი ირანში

ირანში, ნატანზის ბირთვული საწვავის გამამდიდრებელ საწარმოში, ხანძარი გაჩნდა

AEOINEWS

ხუთშაბათს ირანში, ნატანზის ბირთვული საწვავის გამამდიდრებელ საწარმოში მომხადრმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ზაინი მიაყენა საწარმოს, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირანის ატმომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბეჰრუზ კამალვადის განცხადებით, ხანძრის მიზეზი დადგენილია, თუმცა, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება. 

ხანძარი ცენტრიფუგების დამამაზადებელ სახელოსნოში გაჩნდა. ცენტრიფუგა ხელსაწყოა, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება. გამდიდრებული ურანით საწვავს აწარმოებენ, მაგრამ მას გამოყენება ბირთვული იარაღის შექმნისთვისაც ხმარობენ. 

6 დღის წინ აფეთქება მოხდა პარჩინის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. არსებობდა ვარაუდი, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში პარჩინის სამხედრო ბაზაზე ატომური ქობინებისთვის ცდიდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებს. ირანმა ეს ინფორმაცია უარყო. ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფეთქება საწვავის საწყობში მოხდა, თუმცა New York Times-ის ინფორმაციით, თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რომ აფეთქება რაკეტის მწარმოებელ საწარმოში მოხდა.  

ნატანზი 250 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ თეირანს. ნატანზის ურანის გამამდიდრებელი საწარმო ყველაზე დიდია ირანში. 

2015 წლის ბირთვული შეთანხმების ფარგლებში, ირანი დათანხმდა მხოლოდ დაბალი, 3-4%-ის კონცენტრაციით გამდიდრებული ურანის წარმოებას, რომელიც ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოებისთვის გამოიყენება. ბირთვული იარაღისთვის კი საჭიროა 90%-ით, ან მეტით გამდიდრებული ურანი. 

ირანი ასევე დათანხმდა, 2026 წლამდე არ განეთავსებინა ნატანზში 5060-ზე მეტი ცენტრიფუგა და 2031 წლამდე არ გაემდიდრებინა ურანი ფორდოს მიწისქვეშა საწარმოში.

გასულ წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ, ირანმა უარი თქვა აღებულ ვალდებულებზე. ნოემბერში ირანმა ნატანზში ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგა და ფორდოს მიწისქვეშა საწარმოში სამუშაოების განახლებისთვის მზადება დაიწყო. 

კომენტარები