8 მარტის შეთანხმება

მდინარაძე: დღეს ისტორიული დღეა, ენმ-სთვის და ევროპული საქართველოსთვის ისტერიული აღმოჩნდა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის, თქმით, ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ არათუ არ შეასრულეს 8 მარტის შეთანხმება, არამედ შეთანხმების წინააღმდეგაც წავიდნენ. 

მდინარაძის აზრით, ამას პარლამენტთან საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პარალელურად მიმდინარე აქციაც მოწმობს. საუბარია, მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებულ აქციაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. 

მდინარაძის შეფასებით, დღევანდელი დღე ისტორიული დღეა, თუმცა, მისი თქმით, ეს დღე ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსთვის ისტერიული აღმოჩნდა. 

"მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე და ნაციონალური მოძრაობისთვის და ე. წ. ევროპული საქართველოსთვის ეს დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ დაორგანიზებული, პარლამენტს გარეთ ჩატარებული აქციით. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვტილებას და არათუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ შეთანხმების წინააღმდეგ.

ახლა რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით თუ ა. შ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს პირობები და წავიდნენ შეთანხმების წინააღმდეგ და აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, და ეს იყო საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება". – ამბობს მდინარაძე. 

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ 8 მარტის შეთანხმების ყველა ნაწილი სრულად შეასრულა.

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები III მოსმენით მიიღო. 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

დღევანდელ კენჭისყრას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებიან. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია. თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 29 ივნისის სხდომაზეც არ შეუცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი. 

საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლება იყო აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღოს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები