კობახიძე: არ ვაპირებთ, 200 ნაციონალს კონტრაქცია დავუპირისპიროთ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძის თქმით, 20 ივნისს ხელისუფლება კონტრაქციას არ გეგმავს – მმართველი გუნდი არ აპირებს, "200 ნაციონალს კონტრაქცია დაუპირისპიროს".

ინფორმაცია, რომ გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ხელისუფლება კონტრაქციით უპასუხებდა, ფეისბუქზე გავრცელდა.

"ეს არის აბსურდი. მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკნიუსებს და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ ფეიკნიუსს, რაც არის აბსურდი.

ჩვენ არ ვაპირებთ 200 ნაციონალს დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი, რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს". – თქვა მან.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს: თუ ვინმე სირცხვილიას აქციის საპასუხოდ შეიკრიბება, ვის მიერ იქნება ეს დაგეგმილი? კობახიძემ უპასუხა:

"თუ ვინმე იქ შეიკრიბება, ეს არის პროვოკაცია და ბუნებრივია, ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი".

გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე მოძრაობა სირცხვილია საპროტესტო აქციას გეგმავს. მათ უკვე მიმართეს მერიასა და შსს-ს, უზრუნველყოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა 17:00 საათიდან.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ ანტირუსული აქცია ძალადობრივად დაშალა. ამას ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. მმართველმა გუნდმა დემონსტრანტების არცერთი მოთხოვნა არ შეასულა – მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია არათუ გადააყენა, არამედ პრემიერის პოსტზე დააწინაურა, 2020 წლის არჩევნების პროპორციულად ჩატარების საკონსტიტუციო კანონპროექტი კი ჩააგდო.

კომენტარები