TI ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე: მთავრობას მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 2020 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტს აჯამებს.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტით გათვალისწინებულ 547 მილიონ ლარიანზე მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თანხა მხოლოდ ისეთი პროგრამებიდან დაიზოგა, რომელთა განხორციელებაც პანდემიის გამო ისედაც ვერ ხერხდებოდა.

გამჭვირვალობის რეკომენდაციით, "მთავრობამ მოქმედი ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა უნდა დაზოგოს", რაც "პირველ რიგში, ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს".

"მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი გეგმა, თუ რა თანხაა გათვალისწინებული 2020 წელს მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, შტატგარეშედ დასაქმებულებზე, ავეჯის, საწვავისა და სხვა საქონლის და მომსახურების შეძენაზე". – ამბობენ ორგანიზაციაში.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, "მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ნაწილის აუცილებლობა კითხვებს აჩენს". ორგანიზაციაში ასეთად, პირველ რიგში, მოიაზრებენ იპოთეკური სესხების დაფინანსების პროგრამას:

"როდესაც უმუშევრად დარჩენილების ნაწილმა საერთოდ თანხა ვერ მიიღო, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით, რატომ ვუფინანსებთ საშუალო და მაღალშემოსავლიან მოსახლეობას სახლების ყიდვას". – ვკითხულობთ შეფასებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა აგრეთვე მოუწოდებს მთავრობას, რომ "აუცილებელია ბიუჯეტის რეალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის ტვირთის შემცირება, რათა ქვეყანა უფრო მდგრადი გახდეს მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ეკონომიკური გართულებების წინაშე". ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, მთავრობა 8 მილიარდზე მეტ ვალს იღებს.

გარდა ამისა, მთავრობა დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მილიონ ლარს კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება "ფაქტობრივად, ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაა", რითაც " მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას – მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა".

ორგანიზაციის შეფასებით, ამ ნაბიჯზე უარის თქმით მთავრობას 600 მილიონი ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია.

გამჭვირვალობაში ეხმაურებიან StopCov ფონდში მობილიზებული 133.5 მილიონი ლარის ბიუჯეტში მოხვედრას და ამბობენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რითაც ეს თანხა უფრო გამჭვირვალედ დაიხარჯება.

მთავრობის განახლებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯები 1 მილიარდ 491 მილიონი ლარით გაიზრდება და ჯამში 15 მილიარდ 924 მილიონ ლარს მიაღწევს.

მთავრობის ანტიკრიზისული პაკეტის ჯამური ღირებულება 3.4 მილიარდი ლარი იქნება. აქედან 559 ლარი სამთავრობო სუბსიდიებზე მოდის.

კომენტარები