სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი: რამდენიმე სკოლაში ვიდეოთვალთვალი საპირფარეშოებშიც მიმდინარეობდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში ვიდეოთვალთვალის წესები მძიმედ არის დარღვეული. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა.

მისივე თქმით, სკოლებში მონიტორინგისას აღმოაჩინეს, რომ ბავშვების მონაცემები იმაზე მეტი მოცულობით გროვდება, ვიდრე ეს კანონით, ან კანონქვემდებარე აქტებით არის გათვალისწინებული. ამის შესახებ თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. 

"არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების დოკუმენტები ისეთ ადგილზე ინახება, რომელზეც ხელი მიუწვდებათ არა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, არამედ სკოლის ადმინისტრაციის სხვა პირებსაც , რაც რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია", - ამბობს თოლორაია. 

თოლორაიას თქმით, დარღვეულია არასრულწლოვანთა გამოსახულების ჩანაწერების შენახვის წესის დაცვაც და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მასალა პოლიციას არაკანონიერი საფუძვლით გადაეცა. 

"ასევე, ზოგ შემთხვევაში, მკაცრად არ არის რეგულირებული ვიდეოთვალთვალის წესები და იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვიდეოთვალთვალი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამ მონაცემების გადაცემა არაკანონიერი საფუძვლით განხორციელდა, მაგალითად, პოლიციის დაწესებულებებისთვის". - ამბობს ლონდა თოლორაია.

კომენტარები