მთავრობა შრომის ანაზღაურებას 57 მლნ-თი იმცირებს, იკლებს სამინისტროების ხარჯები

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პირველადი მიმდინარე ხარჯები 199.6 მილიონი ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები 347.5 მილიონი ლარით მცირდება.

ხარჯების შემცირება ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროზე აისახება, რომელსაც 251 მილიონ ლარზე მეტი აკლდება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯები კი 127 მილიონით შემცირდება.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით შეუმცირდება, თბილისის მერიის კაპიტალური პროექტებისთვის განკუთვნილი ტრანსფერი კი 35 მილიონი ლარით ნაკლები იქნება.

გარდა ამისა, განახლებული ბიუჯეტის პროექტით გათვალისინებულია მთავრობის შრომის ანაზღაურების 57 მილიონი ლარით შემცირება.

ამისდა მიუხედავად, ძირითადად სახელმწიფო ვალის ზრდის შედეგად, მთავრობის ხარჯები 2020 წლისთვის 1 მილიარდ 872 მილიონი ლარით გაიზრდება. კაპიტალური ხარჯები 123.8 მილიონი ლარით გაიზრდება, ხოლო ვალების მომსახურება და დაფარვა 42 მილიონით.

კომენტარები