ლარის კურსი

თურნავა ჟურნალისტებს ლარის გამყარებაზე: თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა

საქართველოს მთავრობა

"თქვენი მოსაწონი, მოკლედ, ვერ დადგა მომენტი", - ასე მიუგო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული კითხვის პასუხად.

თურნავას თქმით, ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედებითაა განპირობებული:

"ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულად-საკრედიტო ბერკეტები", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას თანახმად, "ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც დადებითად აისახება საბოლოო ჯამში, იმიტომ, რომ იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს დადებითად მოქმედებს".

გარდა ამისა, მისი თქმით, ლარის გამყარება "ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია ისევ დაუბრუნდება ნორმალურ ნიშნულს".

საქსტატის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა.

ლარი კი დოლართან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯამში 9.89 თეთრით გამყარდა. ამჟამად, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0772 ლარია.

კომენტარები