აშშ

აშშ-ში, მინეაპოლისში დაკავებული CNN-ის ჟურნალისტთა ჯგუფი გაათავისუფლეს

29 მაისს, აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციის დროს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, CNN-ის ჟურნალისტი, ომარ ხიმენესი და მისი ჯგუფი დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

როგორც CNN წერს, მათი კორესპონდენტი მაშინ დააკავეს, როდესაც პირდაპირ ეთერში გადამწვარი პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებების შესახებ აცხადებდა. მაშინ, როდესაც მედია დაკავებებს აშუქებდა, პოლიციამ მათ ტერიტორიიდან გასვლა სთხოვა. მედია აცხადებს, რომ CNN-ის ჯგუფმა სამართალდამცავებს თავიანთი თავები გააცნეს, უთხრეს, რომ გავიდოდნენ იქ, სადაც ეტყოდნენ, თუმცა მაინც დააკავეს.

მინესოტას გუბერნატორმა, ტიმ ვალცმა, მედიას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა. მისივე თქმით, დაკავება მიუღებელია და CNN-ის ჯგუფს ადგილზე ყოფნის და ინფორმაციის გაშუქების უფლება აქვს.

ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში სურათიც გაავრცელა - "და ჩვენ დავბრუნდით".

მინესოტას გუბერნატორმა, ტიმ ვალცმა, მედიას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა. მისივე თქმით, დაკავება მიუღებელია და CNN-ის ჯგუფს ადგილზე ყოფნის და ინფორმაციის გაშუქების უფლება აქვს.

აშშ-ის მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციების გამო ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. აქციები 46 წლის აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის, სიკვდილს უკავშირდება. ის პოლიციამ დაკავებისას მოკლა.

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

ქალაქში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და შენობები, მათ შორის პოლიციის შენობა. არეულობის დროს მოსახლეობამ მაღაზიები გაძარცვა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და მემფისშიც.

მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ფლოიდი დაკავებისას მოკლა, გამოძიების დაწყება მოითხოვა. დაკავებაში 4 პოლიციელი მონაწილეობდა, ყველა მათგანი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

თეთრი სახლის სპიკერმა კეილინ მაკინანიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტმა და მას სურს, სამართალი აღსრულდეს. თავად ტრამპმა კი აქციების შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი მას, რომ სამხედროები მასთან არიან და გზაში არიან. თუ რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძარცვა და სროლა დაიწყება. გმადლობთ!"

Twitter-მა ტრამპის პოსტს გამაფრთხილებელი წარწერა გაუკეთა: "ეს ტვიტი არღვევს ჩვენს წესებს ძალადობის წახალისების შესახებ, თუმცა, ჩვენი შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოების ინტერესებში იყოს მისი მისაწვდომობა".

კომენტარები