დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 30 იანვრიდან 11 მაისამდე საქართველოში კორონავირუსის 32 283 PCR ტესტი ჩატარდა. მათ შორის განმეორებითი - 1 392 .
ცენტრის ვირუსის მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში COVID-19 ინფექციის ყველა შემთხვევა PCR კვლევით არის დადასტურებული.
NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში საქართველოში 132 ტესტი გაკეთდა, 1-15 მარტის პერიოდში - 629, 16-31 მარტის პერიოდში - 1479, 1-15 აპრილი - 3502, 16-30 აპრილი - 9977, ხოლო პირველი მაისიდან 11 მაისამდე ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი გაიტესტა და ჯამური რიცხვია - 15 009
რაც შეეხება, COVID-19-ზე ტესტირებულთა დადებითი შედეგის სიხშირეს (სამდღიანი მცოცავი პროცენტული მაჩვენებელი) 2020 წლის 11 მაისის მდგომარეობით დიაგრამა ასე გამოიყურება:
30 იანვრიდან 1 მარტამდე PCR კვლევას მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია ატარებდა, 1 მარტიდან ტესტირებაში ეტაპობრივად სხვა ლაბორატორიებიც ჩაერთნენ. 11 მაისის მონაცემებით, ტესტირებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, 14 ლაბორატორიაში ატარებენ, თუმცა ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კვლევა ლუგარის ლაბორატორიაშია ჩატარებული. ლაბორატორიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ლუგარის ლაბორატორია (თბილისი)
ცენტრის იმერეთის სამმართველო (ქუთაისი)
ცენტრის აჭარის სამმართველო (ბათუმი)
სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (IDH)
შპს ნეოლაბი
შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“ (ბათუმი IDH)
შპს სამედიცინო ცენტრი ციტო
სს „მეგა-ლაბი“
შპს მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი (CMD LAB)
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო
„ავერსის“ კლინიკა
შპს ნიუ ჰოსპიტალსი
სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“
30 იანვრიდან 11 მაისამდე პერიოდში ქვეყანაში გამოკვლეული 30 891 ადამიანიდან (დანარჩენი ტესტები განმეორებითი იყო). COVID-19 დაუდასტურდა 628 ადამიანს. ტესტირების ე.წ. დადებითი შედეგის სიხშირე შეადგენს 2%-ს.
კვლევის პერიოდში საქართველოში დადასტურებული შემთხვევების 13% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია.
NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, COVID-19 ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ექსპოზიციის ადგილის მიხედვით, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ყველაზე დაბალი - შიდა ქართლსა და იმერეთში. თბილისის, აჭარის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები შუალედურ პოზიციას იკავებენ. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირდა. იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა იყო 95.
11 მაისის მდგომარეობით COVID-19-ით საქართველოში გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობაა 10, ლეტალობის მაჩვენებელი 1.7%. გარდაცვალების 6 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, 3 - ქვემო ქართლში, 1 - აჭარაში. (სამი კაცი გარდაიცვალა, 7 ქალი). 3 გარდაცვლილი 70 წელს ქვემოთ იყო, 2 - 70-დან 79 წლამდე, ხოლო 5 - 79 წელს ზემოთ.
11 მაისის შემდეგ კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და სულ 19 მაისის მონაცემებით, 12 ადამიანია გარდაცვლილი.
19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 456. ამ დროისათვის საქართველოში 234 აქტიური შემთხვევაა.





