8 მარტის შეთანხმება

ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: არ მგონია სწორი, რომ კიდევ ერთხელ გახდეს სავაჭრო თემა

პირველი არხი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლა სავაჭრო თემა არ უნდა გახდეს.

"ვერც მთლიანად შეთანხმება ვერ შესრულდება და ვერც საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავა, თუ ქართული ოცნების უკლებლივ ყველა დეპუტატი მხარს არ დაუჭერს. არ მგონია სწორი, რომ კიდევ ერთხელ ეს უნდა გახდეს სავაჭრო თემა. მე ვაპირებ, რომ ხმა მივცე, მაგრამ ჩემი ხმა არ არის საკმარისი და არ არის განმსაზღვრელი, ცვლილებები გავა თუ არა", - თქვა ჩუგოშვილმა მთავართან ინტერვიუში. 

ცვლილებების განხორციელებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვება და არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 120/30-ზე პრინციპით. 

თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმების იმ ნაწილს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, საჯაროდ არ აღიარებს, მეტიც - უარყოფს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაც მოჰყვა.

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით კი, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები