თალაკვაძე სააკაშვილის დანიშვნაზე: მინიმუმ, გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილებაა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრიანაში დანიშვნას არამეგობრულ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ "უკრიანის საზოგადოება მომდევნო თვეებში დაინახავს, თუ ვინ დანიშნეს რეალურად."

"ვნახეთ კომენტარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თავის მოქალაქეს სად დანიშნავს, თუმცა, ამ პასუხის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვაინტერესებს, თუ ეს მიდგომა არსებობს და ეს პრინციპი მართლაც მუშაობს, მაშინ ყოველდღიურ რეჟიმში მიხეილ სააკაშვილი რატომ ერეოდა და რატომ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და, საინტერესოა, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით.

"როგორც მინიმუმ, არის გაუგებარი და არამეგობრული გადაწყვეტილება.ამ საკადრო გადაწყვეტილებამ უდაოდ ჩრდილი მიაყენა ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ პოლიტიკურ გუნდებს შორის თანამშრომლობა, როდესაც იქეთ მაგიდასთან, უკრაინის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს თავის ამპლუაში ამ საკონსულტაციო საბჭოდან ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას", - ამბობს თალაკვაძე იმედის ეთერში.  

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა. 

განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სამინისტროს ცნობით, ელჩის გამოძახებას მეგობარი ქვეყნების ურთიერთობისთვის საფრთხედ არ აღიქვამენ.

კომენტარები