კიბერუსაფრთხოება

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ГРУ-ს ოფიცერზე ძებნა გამოაცხადა

FBI/svoboda.org

რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ცნობით, გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთის ГРУ-ს ოფიცერზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმის ორგანიზება ედება. 

რადიო თავისუფლება ამ ინფორმაციას გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰაკერული თავდასხმა 2015 წლის გაზაფხულზე მოხდა, კიბერთავდასხმის შემდეგ კი დოკუმენტები Wikileaks-ის ვებგვერდზე აღმოჩნდა. 

ეჭვმიტანილი 29 წლის დიმიტრი ბადინია. ამერიკული მხარე მას მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტო WADA-სა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის შტაბის სერვერებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ის სამხედრო დანაყოფის 26165 წევრია, რომელიც მოსკოვშია განლაგებული.

რადიო თავისუფლების ცნობით, ეს დანაყოფი ცნობილია იმით, რომ მასში კრიპტოგრაფები და კომპიუტერულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციალისტები მსახურებენ. 

როგორც გამოცემა Süddeutsche Zeitung წერს, გერმანიის პროკურატურა ბადინს ჰაკერულ დაჯგუფება Fancy Bear-ს უკავშირებს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვის სამსახურებმა შეძლეს გამოევლინათ კიდევ ერთი ჰაკერის ვინაობა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ბუნდესტაგზე თავდასხმაში, თუმცა ვერ შეძლეს მოეპოვებინათ მტკიცებულებების საჭირო რაოდენობა, რათა მისი დაკავების ორდერი გაეცათ. 

ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმა 2015 წლის 30 აპრილიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა. შედეგად, ჰაკერებს მიეცათ წვდომა, დაახლოებით, 16 გიგაბაიტის ოდენობის მონაცემებზე, მათ შორის გერმანიის პარლამენტის დეპუტატებს შორის არსებული მიმოწერის მასშტაბურ არქივზე. ამ დოკუმენტების გარდა Wikileaks-ზე ასევე მოხვდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის, ასევე WADA-ს მიმოწერები. 

კომენტარები