ზაზა აბაშიძის კომენტარი

კანდელაკი: სანამ ზაზა აბაშიძე თანამდებობაზეა, ქართული ოცნება მისი სიტყვების თანამოზიარეა

ტაბულა

"სანამ ზაზა აბაშიძე თანამდებობაზეა, ქართული ოცნება კონკრეტული სოფლის მცხოვრებთა „ამოხოცვის“ შესახებ მისი სიტყვების თანამოზიარეა", - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის პოსტს ეხმაურება.

ზაზა აბაშიძემ ორი დღის წინ, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

დღეს კი დაწერა, რომ ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა, ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს. ასევე აღნიშნა, რომ მისი ნაწერი ყველას ეხებოდა და არა მხოლოდ მარნეულის მოსახლეობას. 

კანდელაკი წერს, რომ საზოგადოება უნდა დაირაზმოს ამ საშიში მოვლენისთვის საკუთარი ადგილის მისაჩენად.

"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს არ უარუყვია რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლის მაცხოვრებლებზე სწორედ მან დაწერა „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери.“ მეტიც, ეს საბჭოთა ადამიანი აქეთ ითხოვს ბოდიშის მოხდას! მანამ სანამ იგი თანამდებობაზეა, ქართული ოცნება კონკრეტული სოფლის მცხოვრებთა „ამოხოცვის“ შესახებ მისი სიტყვების თანამოზიარეა. ამ ბატონის ადგილი მართლაც გორჩაკოვის ფონდშია და არა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში", - წერს კანდელაკი.

გუშინ, 4 მაისს, ევროპულმა საქართველომ ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა და მისი კომენტარი ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად და ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასა. 

კომენტარები