ვაქცინაზე მომუშავე ბრიტანულ სამეცნიერო ცენტრებზე კიბერშეტევების რაოდენობა გაიზარდა

businessinsider.com

მტრული სახელმწიფოები ბრიტანული უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების დაჰაკვას ცდილობენ, რათა მოიპოვონ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევები, მათ შორის ვაქცინის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში აცხადებენ, რომ ამგვარი გამიზნული კიბერშეტევების შემთხვევები გაიზარდა. 

როგორც The Guardian წერს, ამ ჰაკერული თავდასხმების უკან რუსეთი და ირანი დგანან, ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, შესაძლოა, მათ უკან ჩინეთიც იდგეს. ამ დრომდე არცერთი კიბერშეტევა ჰაკერებისთვის წარმატებით არ დასრულებულა. 

"ნებისმიერი შეტევა კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლის მცდელობების წინააღმდეგ ძალიან ამორალურია. ჩვენ ვნახეთ კორონავირუსთან დაკავშირებული კიბერშეტევების შემთხვევების ზრდა და ჩვენი ექსპერტები მუშაობენ, რათა დაეხმარონ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთი შეტევების სამიზნეები გახდნენ. 

ამ კიბერშეტევების საფრთხის დონე, როგორც კრიმინალების, ისე იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ არიან, პანდემიის დროსაც იგივე რჩება", - თქვა დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის სპიკერმა. 

ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც ვაქცინის შექმნაში წამყვან როლს ასრულებს და ცოტა ხნის წინ ადამიანებზე ცდების ჩატარებაც დაიწყო, აცხადებს, რომ ისინი თანამშრომლობენ კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, რათა დაიცვან თავიანთი კვლევები. 

როგორც დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ყოფილი კიბერანალიტიკოსი და Royal United Services Institute-ის კიბერ-მკვლევარი ჯეიმს სალივანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, არ არის გასაკვირი, რომ მტრულმა სახელმწიფოებმა Covid-19-თან დაკავშირებული კვლევები ამოიღეს სამიზნედ. 

"პანდემია მტრულ სახელმწიფოების მიერ კიბერ-აქტივობების ზოგად ზრდას გამოიწვევს. ეს სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისა და სხვა სუბვერსიული საქმიანობისთვის ახალი შესაძლებლობაა. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერ-ჯაშუშობის დროს", - ამბობს სალივანი. 

მაისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახურს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის IT ქსელის მუშაობის მონიტორინგზე მიეცა წვდომა. 

ამასთან, ე.წ ხუთი თვალის ალიანსში შემავალი სახელმწიფოების მიერ მომზადებული დოკუმენტი ჩინეთს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურებასა თუ დამალვაში ადანაშაულებს. ხუთი თვალი სადაზვერვო კავშირია ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას, დიდი ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დოკუმენტი Australian Daily Telegraph-მა გაასაჯაროვა

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ "სხვა ქვეყნების საფრთხეში ჩაგდებით" ჩინეთის ხელისუფლებამ დამალა ვირუსი დუმილით ან იმ ექიმების "გაქრობით", რომლებიც საჯაროდ საუბრობდნენ, გაანადგურა მტკიცებულებები მისი ლაბორატორიებიდან და უარი თქვა ცოცხალი სინჯების გადაცემაზე საერთაშორისო მეცნიერებისთვის, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობდნენ. 

კომენტარები